abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

მთარგმნელი: ano

(ამონარიდები)

თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება

წიგნში თავმოყრილია ოშოს საუბრების ის ნაწილი, სადაც ის გვასწავლის ცხოვრებას საკუთარი თავის, გარშემომყოფების და მთელი სამყაროს (არსების) მიღებას და სიყვარულს.
მომწიფებულ, სრულყოფილი სიყვარული არის თანაგრძნობა.

„თანაგრძნობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ თქვენ ღებულობთ ადამიანთა არასრულყოფილებასა და სისუსტეს. არ ელოდებით, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ღმერთები. თქვენ აღიარებთ ყოველი ადამიანის ღირსებას, ეხმარებით ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რომ გასხივოსნება ყოველი ადამიანის ბუნებაში დევს.“

…ბუდას თანახმად სუნთქვა – ეს საფუძველია. ღრმა, მოდუნებული, გაცნობიერებული სუნთქვა თქვენ გაძლევთ საოცარ სიჩუმეს, სიმშვიდეს და მოდუნებას: თანდათან თქვენ დნებით, იხსნებით და ქრებით. თქვენ აღარ ხართ ცალკეული კუნძული, იწყებთ ვიბრირებას მთელ არსებასთან ერთად. თქვენ აღარ ხართ ცალკეული ნოტი, არამედ მთელი სიმფონიის ნაწილი. ამ დროს იბადება თანაგრძნობა.

თანაგრძნობა წარმოიშვება, როდესაც თქვენ აცნობიერებთ თქვენს კავშირს ყველა ადამიანთან, როდესაც ხედავთ, რომ თქვენ – ყველას ნაწილი ხართ და ყველა შენი ნაწილია. არავინ არ არის განცალკევებული. როდესაც ქრება განცალკევებულობის ილუზია, წარმოიშვება თანაგრძნობა. თანაგრძნობა არ არის დისციპლინა.

მაიტრი ბავანა

კითხვა:  არის ბუდისტური მედიტაციის ტექნიკა, რომელსაც ეწოდება მაიტრი ბავანა. ის იწყება იმით, რომ თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს: „დიახ მე ვიქნები ჯანმრთელი, მე ვიქნები ბედნიერი, ვიქნები თავისუფალი მტრებისაგან, ვიქნები თავისუფალი არაკეთილმოსურნეთაგან“. გრძნობით განმსჭვალულნი ვაწარმოებთ ამ აზრებს.

მედიტაციის შემდეგ ეტაპზე ამ გრძნობას თქვენ ავრცელებთ სხვა ადამიანებზე. თავდაპირველად წარმოიდგენთ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ და ჩუქნით მათ ამ მშვენიერ გრძნობას. შემდეგ ამას ავრცელებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ნაკლებად გიყვართ და ასე აგრძელებთ მანამ, სანამ არ იგრძნობთ თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ვერ იტანთ. ადრე ამ ტექნიკის შესრულების დროს ვგრძნობდი, რომ ის მიხსნიდა სხვა ადამიანებს და მივატოვე ეს პრაქტიკა, რადგან მასში შევნიშნე რაღაც სახის თვითჰიპნოზი. მე ისევ მიზიდავს ეს ტექნიკა, მაგრამ უკვე დავიბენი: ისევ გავაგრძელო? რას იტყვით?

პასუხი: – მაიტრი ბავანა – ეს ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი ტექნიკაა. ნუ გეშინია, რომ აღმოჩნდები თვითჰიპნოზის ქვეშ. ეს არ არის თვითჰიპნოზი. სინამდვილეში ეს ანტიჰიპნოზია. გარეგნულად ეს მეთოდი ჰიპნოზს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ეს ისეა, თითქოს თქვენ მოხვედით ჩემთან სახლიდან ფეხით, ახლა კი ბრუნდებით. თქვენ ისევე დაბრუნდებოდით ფეხით, როგორაც მოხვედით. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად თქვენ ზურგით იქნებოდით ჩემი სახლისკენ. გზა იგივე იქნებოდა, მაგრამ როდესაც ჩემთან მოდიოდით, სახით იყავით ჩემსკენ, მაგრამ ახლა ჩემთან მოდიხართ, ზურგით ჩემსკენ…

ადამიანი უკვე დაჰიპნოზებულია. საკითხი იმაში არ არის, თქვენ ექვემდებარებით თუ არა ჰიპნოზს. თქვენ უკვე ხართ დაჰიპნოზებული. ყველა მიმდინარე პროცესი საზოგადოებაში არის ჰიპნოზი. ვიღაცას უთხრეს, რომ ის ქრისტიანია. შემდეგ კი ამას ისე ხშირად უმეორებდნენ, რომ მისი ტვინი მიეჩვია ამ აზრს და ის თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად. ვიღაც ინდუსია, ვიღაც მუსულმანი  – ეს ყოველივე უკვე ჰიპნოზია. თქვენ უკვე ხართ დაჰიპნოზებული. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უბედური ხართ – ეს ჰიპნოზია. თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვთ – ეს ჰიპნოზია. რადაც არ უნდა ვლინდებოდეთ – ეს არის გარკვეული სახის ჰიპნოზი. საზოგადოებამ შემოგტენათ ეს იდეები და ახლა გატენილი ხართ ამ იდეებით და კონცეფციებით.
მაიტრი ბავანა- ეს ანტიჰიპნოზია: ეს არის მცდელობა ბუნებრივი ცნობიერების დაბრუნების. ეს არის მცდელობა, რომ დაგიბრუნდეთ თქვენი ნამდვილი სახე. ეს არის მცდელობა, რომ დაგაბრუნოთ თქვენი დაბადების მომენტში, სადაც საზოგადოებას ჯერ კიდევ არ გარდაუქმნიხართ. როდესაც ბავშვი იბადება, ის იმყოფება მაიტრი ბავანაში. მაიტრი ბავანა ნიშნავს მეგობრობის მაღალ გრნობას, სიყვარულს, თანაგრძნობას. როდესაც ბავშვი იბადება, მისთვის უცხოა სიძულვილი. მან იცის მხოლოდ სიყვარული. სიყვარული თანდაყოლილი გრძნობაა. სიძულვილი – შეძენილი. სიძულვილს, ეჭვიანობას, სიბრაზეს, ძალადობას ბავშვს ასწავლის საზოგადოება.

სიკეთის მოყვარული და სხვა განდიდების მანიები.

თანაგრძნობა ცნობიერების უმაღლესი გამოვლინებაა. ესაა სურვილი განთავისუფლდე სიბნელისაგან. ესაა სურვილი განთავისუფლდე ყველა კავშირისაგან. ესაა სურვილი გაიწმინდო შხამისაგან.

მაგრამ თანაგრძნობა არ არის სიკეთე. სიკეთე არის ხარისხი, რომელიც ამყარებს ეგოს. როდესაც ვინმეს მიმართ ხართ კეთილი, ამ დროს თქვენ გრძნობთ, რომ აღემატებით მას. ამის მიღმა იმალება ღრმად დამალული შეურაცხყოფა – თქვენ ამცირებთ მას და ეს თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. აი, რატომ არ შეიძლება სიკეთის პატიება. ის ვის მიმართაც იყავით კეთილი, სადღაც გულის სიღრმეში ის ინახავს წყენას თქვენს მიმართ და აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს. ეს იმის გამო ხდება, რომ სიკეთე მხოლოდ გარეგნულად ჰგავს თანაგრძნობას, მაგრამ მას არაფერი აქვს თანაგრძნობასთან საერთო, მას გააჩნია სხვა ფარული მოტივები.

თანაგრძნობა არამოტივირებულია – მას არ გააჩნია არანაირი მოტივები. თქვენ გასცემთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვთ რაღაც, რასაც გასცემთ და არა იმიტომ, რომ სხვა საჭიროებს ამას. თანაგრძნობაში სხვისი გათვალისწინება არ ხდება. იმის გამო, რომ თქვენ იმდენი გაგაჩნიათ, რომ თქვენ ივსებით, თანაგრძნობა ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. სიკეთე გამომუშავებული ურთიერთობაა. სიკეთე – თვალთმაქცობის განსაკუთრებული ფორმაა, ეს ანგარიშია, არითმეტიკაა.

…სიკეთე ამყარებს ეგოს, თანაგრძნობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ეგო გაქრება. ლექსიკონებში ნათქვამია, რომ თანაგრძნობა სიკეთის სინონიმია, მაგრამ არსის ლექსიკონში ასე არ არის.

…გამომუშავებული სიკეთე თქვენ ძალიან ეგოისტად გაქცევთ. შეხედეთ: კეთილი ადამიანები ძალიან ეგოისტები არიან, სასტიკ ადამიანებზე გაცილებით ეგოისტები. სასტიკი ადამიანი ყოველ შემთხვევაში თავს ცოტა დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ ე.წ. კეთილი ადამიანი გადასარევადაა, ის სხვებთან შედარებით ღვთაებრივია, სხვებზე უკეთესია. ის სრულიად ეგოცენტრულია ყველაფერში, რასაც აკეთებს. ყოველი მისი აქტი და მოქმედება მის ეგოს კვებავს. დღითი დღე მისი სიდიადე იზრდება. ეს ეგოს გამოვლინებაა.

ესაა პირველი რაც უნდა იცოდეთ: თანაგრძნობა არ არის ე.წ. სიკეთე. მასში არის სიკეთის არსებითი ნაწილი – სირბილე, თანაგრძნობა, ემპათია, შემოქმედება, დახმარება. მაგრამ თქვენ არ ქმნით თანაგრძნობას, ის უბრალოდ მიედინება თქვენში, ის მომდინარეობს არსიდან, თქვენ ხართ ბედნიერი და მადლიერი, რომ არსმა აგირჩიათ თქვენ, როგორც გამტარი. თქვენ ხდებით გამჭვირვალე, თქვენში მიედინება თანაგრძნობა, თქვენ მას ხელს არ უშლით. ასეთი თანაგრძნობა სუფთა სიკეთეა ეგოს გამოვლინების გარეშე.

(Visited 3,357 times, 1 visits today)