abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)

ოშო რაჯნიში

(მესამე და ბოლო ნაწილი)

რაც შეეხება მეექვსე სხეულს, მისი გაგება კიდევ უფრო რთულია, რადგანაც მეექვსე სხეული უკვე აღარაა სიცოცხლე. მეხუთეს შემდეგ ქრება „მე“, „ეგო“. თქვენ ერთიანი ხდებით ყველაფერთან. ახლა რაც არ უნდა შევიდეს და გავიდეს თქვენში, ეს უკვე თქვენი აღარაა, რადგანაც აღარ არის „ეგო“. ყველაფერი კოსმიური ხდება, და ამიტომაც პოლარობა იღებს შექმნის და განადგურების ფორმას. მისი ატმოსფეროა შექმნის ძალა და განადგურების ძალა. ინდუისტურ მითოლოგიაში მათ ეწოდებათ ბრაჰმა და შივა. ბრაჰმა შემოქმედი ღვთაებაა, ვიშნუ შენარჩუნების, ხოლო შივა – დიადი სიკვდილის, განადგურების და გაქრობის, როდესაც ყველაფერი თავის პირვანდელ საწყისს უბრუნდება. მეექვსე სხეული ბრაჰმას და შივას ძალების სფეროს განეკუთვნება.

თქვენთან ყოველ წამს მოდის ქმნილება და ასევე ყოველ წამს ყველაფერი ნადგურდება, ასე რომ როდესაც იოგი ამბობს: „მე ვნახე შექმნა“ ან „მე ვნახე პრალაია (დასასრული)“, იგი საუბრობს მეექვსე სხეულზე. იქ არ არის ეგო. ყველაფერი რაც მოდის და მიდის, თქვენ ხართ. თქვენ ერთიანნი გახდით ამასთან. დაიბადა ვარსკვლავი? ეს თქვენი დაბადება მოხდა. გაქრა ვარკვლავი? ეს თქვენი გაქრობაა. ამიტომ ინდუისტურ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ სამყაროს ერთი ქმნილება ბრაჰმას ერთი სუნთქვაა. ეს – კოსმიური ძალა სუნთქავს. როცა ბრაჰმა ჩაისუნთქავს, ქმნილება ყოფიერებაში ვლინდება. დაიბადა ვარსკვლავი. ქაოსიდან იქმნებიან ვარსკვლავები. ყველაფერი ყოფიერებას უბრუნდება. ხოლო როდესაც იგი ამოისუნთქავს, ყველაფერი მიდის, ქრება, ყოფიერება არყოფნად იქცევა. აი, რატომ ვამბობ, რომ მეექვსე სხეულის გაგება ძალიან რთულია. მეექვსე სხეული არაა ეგოცენტრული. იგი კოსმიური ხდება. და მეექვსე სხეულში შეიცნობა ყველაფერი, რაც ქმნილებას ეხება. ყველაფერი, რაზეც მსოფლიოს რელიგიები საუბრობენ.

როცა საუბრობენ შექმნაზე, ან დიდ წარღვნაზე, დასასრულზე, საუბრობენ მეექვსე სხეულზე და მასთან დაკავშირებულ ცოდნაზე. დიდი წარღვნა იუდეურ-ქრისტიანულ მითოლოგიაში, ან ბაბილონურ და სირიულ მითოლოგიაში, ან პრალაია ინდუიზმში – ეს ერთი ამოსუნთქვაა. მეექვსე სხეულის ამოსუნთქვა. ეს კოსმიური განცდაა. თქვენ იქ არ ხართ. ადამიანი მეექვსე სხეულში, ვინც მიაღწია მეექვსე სხეულს, ყველაფერ მომაკვდავს დაინახავს როგორც საკუთარ სიკვდილს. მაჰავირას ჭიანჭველას მოკვლაც კი არ შეუძლია, და არა აჰიმსას (არაძალადობის) პრინციპის გამო, არამედ იმის გამო, რომ ეს მისი სიკვდილიცაა. ყველაფერი, რაც კვდება, მისი სიკვდილია. როცა აცნობიერებთ ამას – შექმნას და განადგურებას – ეს მეექვსე სხეულის ცნობიერებაა. რა საგანიც არ უნდა გაქრეს ყოფიერებიდან, რაღაც ახალი იქმნება. მზე კვდება და სადღაც ახალი იბადება. ეს სამყარო განადგურდება და ახალი გაჩნდება. ჩვენ მეექვსე სხეულშიც კი მიჯაჭვულობა გვაქვს: „კაცობრიობა არ უნდა განადგურდეს“. მაგრამ ყველაფერი, რაც იბადება, უნდა მოკვდეს. კაცობრიობაც კი. მისი განადგურებისთვის შეიქმნება ატომური ბომბები. და როგორც კი ამ ბომბებს ვქმნით, მაშინვე ჩნდება მისწრაფება, რომ სხვა პლანეტაზე გადავსახლდეთ. რადგანაც ეს ბომბები მიუთითებენ, რომ დედამიწა პოტენციურად თავის დასასრულს მიუახლოვდა.

ბრაჰმა, ეს მეექვსე სხეულის არსებაა. მეექვსე სხეულში თქვენ ბრაჰმა ხდებით. სინამდვილეში თქვენ გებულობთ ბრაჰმას და შივას – ორივე პოლუსს. და ვიშნუ ამ პოლარობის გარეთაა. ისინი ქმნიან ტრიმურტის – სამებას: ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. თუ თქვენ ჭვრეტთ ბრაჰმას და შივას, მაშინ თქვენ იცით მესამე, რომელიც ვიშნუა. ვიშნუა თქვენი რეალობა მეექვსე სხეულში. აი რატომ გახდა ვიშნუ ყველაზე ცნობილი ამ სამს შორის. ბრაჰმას იხსენებენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი შემოქმედი ღმერთია, მას ერთ-ორ ტაძარში თუ ეთაყვანებიან. მას პატივს უნდა სცემდნენ, მაგრამ სინამდვილეში არ სცემენ პატივს. შივას უფრო მეტადაც კი ეთაყვანებიან, ვიდრე ვიშნუს – სიკვდილის შიშის გამო. მისი თაყვანისცემა ჩვენი სიკვდილის შიშიდან გამომდინარეობს. მაგრამ ცოტა თუ ეთაყვანება ბრაჰმას, რადგან აქ არაფერია საშიში. ჩვენ უკვე შექმნილები ვართ, ასე რომ ბრაჰმაზე აღარ ვფიქრობთ. იგია შემოქმედი, ამიტომ ყველა ტაძარი მისთვის უნდა შენდებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება. ყველაზე მეტად შივას ეთაყვანებიან. ამიტომაცაა მისი სახელობის ამდენი ტაძარი. მისი სიმბოლიზებისთვის ქვაც კი საკმარისია, წინააღმდეგ შემთხვევაშ ძნელი იქნებოდა ამდენი კერპის შექმნა. ამიტომ ქვაც საკმარისია. უბრალოდ დადგით სადმე ქვა – ესეც თქვენი შივა. (იგულისხმება შივა-ლინგამი. მთარგმნ. შენიშვნა)

იმის გამო, რომ ჭკუას ასე ეშინია სიკვდილის, გვერდს ვერ ავუვლით შივას. მისი თაყვანისცემა ბუნებრივია. მაგრამ ვიშნუ უფრო ძირითადი ღვთაებაა. აი რატომ არიან რამა და კრიშნა ვიშნუს გამოვლინებები. ღვთაებრივი გამოვლინების ყოველი ავატარი ვიშნუს გამოვლინებაა. ბრაჰმა და შივაც კი ვიშნუს ეთაყვანებიან. ბრაჰმას შეუძლია იყოს შემოქმედი, მაგრამ იგი შემოქმედია ვიშნუსთვის. ეს ვიშნუს ორი სუნთქვაა – შემავალი და გამომავალი. ბრაჰმა – ჩასუნთქვა, შივა – ამოსუნთქვა. ვიშნუ კი მეექვსე სხეულის რეალობაა.

მეშვიდე სხეულში ყველაფერი კიდევ უფრო რთული ხდება. ბუდამ მეშვიდე სხეულს უწოდა ნირვანა-კაია, გასხივოსნების სხეული, რადგანაც ჭეშმარიტება, აბსოლუტი მეშვიდე სხეულშია. მეშვიდე სხეული ბოლოა, ამიტომ მასში შექმნა და განადგურებაც კი არაა, არამედ არის ყოფნა და არყოფნა. მეშვიდე სხეულში ქმნილება ყოველთვის რაღაც სხვისი შექმნაა და არა თქვენი. შექმნა იქნება რაღაც სხვისი შექმნა, ხოლო განადგურება რაღაც სხვისი განადგურება, და არა თქვენი. რადგანაც ყოფნა თქვენი ყოფნაა და არ ყოფნა თქვენი არ ყოფნა. მეშვიდე სხეულში ყოფნა და არყოფნა, არსებობა და არ არსებობა სუნთქვის ორი მხარეა. არაა საჭირო არც ერთთან გაიგივება. ყველა რელიგია შეიქმნა მათ მიერ, ვინც მეშვიდე სხეულს მიაღწია. და აქ ენას მხოლოდ ორი სიტყვის გამოხატვა შეუძლია: ყოფიერება და არ ყოფნა. ბუდა არ ყოფნის ენით საუბრობს, გამომავალი სუნთქვის ენით, რადგანაც იგი ამბობს: „რეალობა არაფერია“. შანკარა საუბრობს ყოფიერების ენით და ამტკიცებს, რომ საბოლოო რეალობა ბრაჰმანია. შანკარა პოზიტიურ ცნებებს იყენებს, ბუდა კი ნეგატიურს, რადგანაც მან ამოსუნთქვა არჩია. მაგრამ ეს ერთადერთი არჩევანია, რაც შეუძლია ენას შემოგვთავაზოს. მესამე არჩევანი ის რეალობაა, რომელზეც შეუძლებელია რაიმეს თქმა. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ითქვას, ესაა – „აბსოლუტური ყოფიერება“ ან „აბსოლუტური არ ყოფნა“. ამის თქმა შეიძება იმიტომ, რომ მეშვიდე სხეული აღემატება ამას. აქ ჯერ კიდევაა შესაძებელი ტრანსცენდენცია. მე შემიძლია რამე ვთქვა ამ ოთახზე, თუკი გავალ აქედან. თუ მოვახდენ ამ ოთახის ტრანსცენდენციას, გავალ აქედან და მივაღწევ სხვას, მაშინ შემიძლია გავიხსენო ეს ოთახი, მაგრამ თუ აქედან გავალ და უფსკრულში გადავიჩეხები, მაშინ ვერაფერს ვიტყვი ამ ოთახზეც კი. აქამდე, ყოველ სხეულზე საუბრისას შეგვეძლო სიტყვებით მოვჭიდებოდით, სიმბოლოებით გამოგვეხატა მესამე წერტილი, რადგანაც ამ დუალობების გარეთ მყოფი სხეულიც რჩებოდა. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მეშვიდე სხეულის ჩათვლით. მის იქით არაფრის თქმა არ შეიძება, რადგანაც იგი ბოლოა. მის მიღმა უსიტყვობაა.

მეშვიდე სხეულში გვიწევს ავირჩიოთ ყოფნასა და არ ყოფნას შორის, დასტურის და უარყოფის ენას შორის. არის მხოლოდ ორი არჩევანი. ერთია ბუდას არჩევანი, რომელიც ამბობს: „არაფერი არ რჩება“, ხოლო მეორე არჩევანი შანკარას არჩევანია. იგი ამბობს: „ყველაფერი რჩება“. რადგანაც საქმე ეხება ადამიანს, სამყაროს. ამ შვიდ განზომილებაში, შვიდ სხეულში სასიცოცხლო ენერგია მრავალ სფეროში ვლინდება. ყველგან, სადაც სიცოცხლის აღმოჩენა შეიძლება, არსებობს ეს პროცესები: შესვლის და გამოსვლის პროცესი. ამ პოლარობის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებს, ასე რომ პრანა ეს ენერგიაა, კოსმიური ენერგია, და პირველად ფიზიკურ სხეულში ვეცნობით მას. პირველად იგი ვლინდება როგორც სუნთქვა, და შემდეგაც სუნთქვად რჩება, სხვა ფორმებში: ზეგავლენებში, მაგნეტიზმში, აზრებში, სიცოცხლეში, ქმნილების პროცესში, ყოფიერებაში. როგორც კი ვაცნობიერებთ და ვჭვრეტთ მესამე წერტილს დუალიზმის გარეთ, მაშინვე ვმაღლდებით წინა სხეულზე. გადავდივართ პირველიდან მეორე სხეულში და ა.შ. მაგრამ მეშვიდე სხეულს მიღმა უსხეულობაა, უფორმობაა. მაშინ თქვენ გახდით წმინდა. მაშინ თქვენ აღარ ხართ დაყოფილი, აღარ არის პოლუსები. მაშინ არის ადვაიტა (არა ორი), არის ერთიანობა.

მთარგმნელი Atman

Osho-Rajneesh-Desktop-Wallpaper

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

(Visited 964 times, 1 visits today)