abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

აინუ

აინუ

სტატიის ავტორები: Lashapoli, Kate, anima-mundi

აინუ (アイヌ) (აინუ ქართულად “ადამიანს” ნიშნავს) არის იაპონიის და რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი. ისტორიულად ისინი ლაპარაკობენ აინუს ენაზე და მის დიალექტებზე. აინები კუნძულებზე 13 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ. ამ ხალხის კულტურა განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა, თუმცა შემდგომში მათმა კულტურამ უკანა საფეხურზე დაიწია, რისი მიზეზიც გაუგებარია.

აინუების ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად (ლეგენდებს უწოდებენ იუკარ უპოპოს. Yukar Upopo (Ainu legends)) : “აინუები ცხოვრობდნენ ამ ადგილას მრავალი ათასი წლით ადრე სანამ მზის ხალხი მოვიდა.”

აინუს ეთნიკური ჯგუფი ანთროპოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მეზობლებისაგან – იაპონელების, ნივხების (გილიაკების) და ტუნგუსებისაგან. ნავარაუდებია, რომ მათი წარმოშობა უკავშირდება კავკასიურ რასას, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ აინუები იმ პრეისტორიული ხალხის შთამომავალია, რომელთაგანაც ასევე წარმოიშვა ავტრალიის მკვიდრი მოსახლეობა. თუმცა ჯერჯერობით არაა ზუსტად ცნობილი რომელი მოსაზრებაა მრავალთაგან მართალი, რადგან აინუების მკვეთრი კავშირი რომელიმე ხალხთან არ გამოკვეთილა, ამასთან მათ აქვთ საკუთარი სხვებისაგან განსხვავებული კულტურა, ენა და რელიგია.

ჩვ. წ. აღ IV-I საუკუნეებში აინების მიწაზე შეიჭრნენ მონღოლოიდური ტომები და კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლდნენ. სწორედ აქ იწყება იაპონელთა, როგორც ერის, წარმოშობის ისტორია. შემდგომში, აინებს ისეთივე ბედი ხვდათ წილად, როგორიც ინდიელებს ჩრდილოეთ ამერიკაში. XVII საუკუნის დასაწყისში, განხორციელდა მათი დაუნდობელი გენოციდი, იძულებითი ასიმილაცია და მალე იაპონიის ნაციონალურ უმცირესობად იქცნენ. მათი ენა კანონგარეშედ გამოაცხადა და აუკრძალა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული მიწების გარდა სხვაგან მიწათმოქმედება. ამის შედეგად მრავალი აინუ მალავდა საკუთარ წარმომავლობას და შეუძლებელია მათი ზუსტი რიცხოვნობის გაგება, ამასთან, უმრავლესობა, 80-90% არაა წმინდა წარმომავლობის აინუ, რაც გამოწვეული იქნა ასიმილაციით.

რელიგია:

აინუები ტრადიციულად ანიმისტები არიან, სჯერათ რომ ყველაფერს ბუნებაში აქვს კამუი (სული ან ღმერთი) შიგნით. არსებობს კამუის კლასიფიკაციაც:

ყველაზე მნიშვნელოვანია დიადი მიწის (ცეცხლის), შემდეგ მთის კამუი (ცხოველების) და შემდეგ ოკეანის კამუი (წლის ბინადრების) და ბოლოს ყველა დანარჩენი.

ყველა რიტუალს სოფლის მეთაური ასრულებს. რიტუალში შედის ღმერთებისთვის საკეს შეწირვა, ლოცვა და ტირიფის ჯოხების შეწირვა, რომლებსაც მიმაგრებული აქვთ ნახერხი. ამ ჯოხებს ინუი (მხოლობითი) და ნუსა (მრავლობითი) ეწოდება.

ისინი თავსდება სამსხვერპლოზე და გამოიყენება მოკლული ცხოველების სულების “უკან გასაგზავნად.” აინუები ჭამის წინ ღმერთებს მადლობას უხდიან და ავადმყოფობის დროს ცეცხლის ღვთაებაზე ლოცულობენ. მათ სჯერათ რომ მათი სულები უკვდავებია და სიკვდილის მერე დაჯილდოვდებიან ღმერთების მიწაზე, კამუი მოსირზე მოხვედრით.

ზოგიერთი აინუ ჩრდილოეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია.

აინუების მიერ დათვის მსხვერპლად შეწირვა. ნახატი იაპონურ გრაგნილზე (დაახ. 1700 წ.)

ასევე მათ გააჩნიათ მდიდარი მითოლოგია და მხატვრული ტრადიციები, სიმღერები, ლექსები, პოემები.

ენა: რაც შეეხება ენას, ამჟამად აინუების ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ნავარაუდებია ასამდე. ენა გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება და მათი სწავლება მცოდნეთა სიმცირის გამო შეზღუდულია, ამასთან სწავლება ძირითადად ეფუძნება ისტორიულ კვლევებს.

აინუების ენა მკვეთრად განსხვავდება იაპონურისაგან. სინტაქსი, ფონოლოგია, მორფოლოგია და ლექსიკური შემადგენლობა. იყო მცდელობა რომ ეჩვენებინათ იაპონურთან მსგავსება, მაგრამ მსგავსება რომელიც აღმოჩენილი იქნა არის ხალხთა მეზობლობის და ნასესხები სიტყვების შედეგი. აინუების ენის რომელიმე ენათა ჯგუფში მოქცევა ვერ ხერხდება, მას არ აქვს მონათესავე ენები.

აინუების ენაში წინდებულები/თანდებულები, დგას იმ სიტყვის შემდეგ, რომელსაც ცვლიან (ქართული ენის მსგავსად: -დან, -ში, -ით…).

კულტურა:

აინუ კაცი წვერს არ იპარსავს გარკვეული ასაკის შემდგომ. თმებს კი კაციც და ქალიც ერთნაირად, მხრების დონეზე, თავის ორივე მხარეს ნახევარწრიულად იჭრიან. ქალები ხშირად იკეთებდნენ ტატუს პირზე და ზოგჯერ წინამხრებზე. ტატუ სახეზე იწყებოდა პატარაობიდანვე პატარა წერტილით ზედა ტუჩზე და დროთა განმავლობაში იზრდებოდა. ფერისთვის გამოყენებული იყო არყის ხის ქერქის ცეცხლზე შემომდგარი ქვაბის ჭვარტლი.

ტრადიციული ტანსაცმელი ატტუსი (ასევე, ატტუშ) იყო მოსასხამი დაწნული თელას (თელამუშის) ქერქის შიდა მხრიდან. სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი კეთდებოდა, თუმცა ძირითადად მარტივი მოკლე მოსასხამი სწორი სახელოებით. რომლებიც შემოხვეული იყო სხეულზე და სალტეთი შეკრული წელზე. სახელოები ძირითადად მაჯამდე ან წინამხრამდე იყო, ხოლო სიგრძე კანჭამდე ან ნაკუთალამდე.

ზამთრობით კი ცხოველების ტყავი და გამაში ეცვათ (სქელი, წინდისებური უძირო ნაქსოვი, რომელსაც იცვამდნენ ფეხსაცმლის ზემოდან სითბოსათვის.), რომელსაც ირმის ტყავისგან აკეთებდნენ, კუნძულ სახალინზე კი ძაღლის ან ორაგულის ტყავისგან.

ორივე სქესის წარმომადგენლებს უყვარდათ საყურეები, რომლებსაც ადრე ვაზის ლერწმისგან აკეთებდნენ, ისევე როგორც ყელსაბამებს, ამ ყელსაბამებს ტამასეი (tamasay) ეწოდება და ქალები მას ძალზე ძვირფასად მიიჩნევდნენ.

აინუების ტრადიციულ საჭმელებში შედის დათვის, მელას, მგლის, მაჩვის, ხარის, ცხენის, თევზის და ქათმის ხორცი და ასევე ფეტვი, ბოსტნეული, ფესვები. მცენარეები. ისინი არასდროს ჭამდნენ უმ ხორცს. ყოველთვის შემწვარს ან მოხარშულს.

მათი საცხოვრებელი სახლები იყო დაახლოებით 6 კვ.მ.-ის ფართობის ლერწმით გადახურული ქოხები. ქოხის ცენტრში იყო ცეცხლის დასანთები ადგილი და არ ჰქონდა საკვამური მილი, მხოლოდ ხვრელი ჭერის კუთხეში. სახლს ერთი ფანჯარა ჰქონდა აღმოსავლეთის მხრიდან და ორი კარები. სოფლის მეთაურის სახლი, როცა საჭირო იყო, სახალხო შეკრებების ადგილის ფუნქციას ასრულებდა.

აინუები არ იყენებდნენ ავეჯს. ისინი იატაკზე იჯდნენ და ორ ფენად ეფინათ ჭილოფი. ერთი ლერწმისგან გაკეთებული, ხოლო მეორე – გრძელი, თხელი ფოთლებისაგან. კაცები ჭამისას ჩხირებს იყენებდნენ, ხოლო ქალებს ხის კოვზები ჰქონდათ. აინუების ტრადიციულ საკვებს ამჯამად მხოლოდ რამდენიმე რესტორანში ამზადებენ, რომლებიც ჰოკკაიდოში ან ტოკიოში მდებარეობს.

სოფლის მეთაურს ეჭირა ქურუმის პოზიციაც, თუმცა არა მოსამართლის. სასჯელს უდგენდა დამნაშავეს განუსაზღვრელი ოდენობა მოსახლეებისა. თუმცა არ იყო სასჯელად დაპატიმრება. ცემა საკმარის დასჯად მიიჩნეოდა. მკვლელობის შემთხვევაში კი დამნაშავეს ცხვირს და ყურებს აჭრიდნენ, ხოლო ფეხის მყესებს გადაუჭრიდნენ.

აინუებმა ოფიციალური აღიარება მოიპოვეს 2008 წლის 6 ივნისს. იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის ძალისხმევით აინუები სცნეს როგორც იაპონიის მკვიდრი მოსახლეობა. როზოლუციის მიხედვით, აინუები არიან “მკვიდრი ხალხი, განსხვავებული ენით, რელიგიითაა და კულტურით.”

რეზოლუცია აუქმებს 1899 წელს მიღებულ კანონონს. 1899 წელს იაპონიის მთავრობამ აინუები გამოაცხადა ყოფილ აბორიგენებად – იმ იდეით რომ მათი ასიმილირება მოხდებოდა. შედეგად, აინუების კულტურა, ენა და რელიგია თითქმის შთანთქა იაპონურმა.

იაპონელებს არ უყვართ მათზე ლაპარაკი. მხოლოდ მკვლევართა ვიწრო ჯგუფისთვის იყო ეს ხალხი ცნობილი, ძირითადად იმის გამო რომ იაპონელებს არაფრით არ უნდოდათ ეღიარებინათ _ სხვა რასა მათზე ადრე რომ ცხოვრობდა იაპონიაში, იანუს სტატუსი მხოლოდ 21-ე საუკუნეში მიეცა.

იანუს მცირე ნაწილი სახალინზეც ცხოვრობს, მაგრამ არც რუსები არ ახსენებდნენ მათ არსებობას. ერთადერთი მცირე ერია ჯერჯერობით, რომელსაც მონათესავე რასა ვერ მოუნახეს, მრავალი ვერიაა დაწყებული ტიბეტიდან და პოლინეზიით დამთავრებული, მაგრამ რეალურად და გენეტიკურად მათთან ახლო მდგომი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, დაახლოებით 10 000 წლის ე.წ. “კინეუკის ადამიანი”, რომლის ჩონჩხი ამერიკაში აღმოაჩინეს, და რომელიც თვითონ წარმოადგენს არქეოლოგიურ გამოცანას. დანამდვილად არაფერი არ იციან ამ ერზე, ან საიდან და როდის მოვიდნენ, რა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
მათი ლეგენდების მიხედვით, ისინი ყოველთვის აქ ცხოვრობდნენ და იაპონელების მოსვლამდე ჟუჯა ერთან იყოფდნენ ტერიტორიას, რომლებსაც, როგორც ადამიანებს ისე ახასიატებენ, მაგრამ მათზე გაცილებით დაბლა მყოფთ, ამ ხალხს კორაპუკუროს უწოდებდნენ (არის სერიოზული ვერსიები იაპონიაზე ერთ დროს არსებული პიგმეების ტომის შესახებ).
ქალი და კაცი აინუს სოციუმში თანასწორია, მიუხედევად იმისა, რომ ოჯახის უფროსად კაცი ითვლება, გადაწყვეტილების მიღებაში როგორც ოჯახში ისევე საზოგადოებაში ქალი თანაბარუფლებიანია. მათი ენაც არ დგას ერც ერთ ენასთან ახლოს, დამწერლობა არა აქვთ. მათი მსოფლხედველობით ღმერთმა, დიდმა სულმა, ადამიანები და ცხოველები მიწისგან და ხეებისგან შექმნა და ყველა ცოცხალ არსებაში სული ცხოვრობს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ თავისუფლდება, მაგრამ ისევ შეუძლია, თუ უნდა სხვა სხეულით დაბრუნდეს. მათი აზრით, ცოცხალი არსების სული “მის ყურებს შუა” იმყოფება, ამიტომაც რიტუალური მსხვერპლშეწირვისას თავს ჭრიდნენ ცხოველს, რათა ღვთიური სული გაეთავისუფლებინათ.
ხარაკირს რაც შეეხება, აინუსგან სავარაუდოდ, ხარაკირის ის ნაწილია აღებული, როდესაც სეკუნდანტი თავს ჭრის სამურაის, მას შემდეგ, რაც ის მუცელს გაიფატრავს.

(Visited 1,188 times, 1 visits today)