abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი

მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი

Kate

არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია აბორიგენული ხალხი, მაგრამ მხედველობაში მყავს დედამიწის ის უძველესი მოსახლეობა, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ უძველეს წეს-ჩვეულებებს, მსოფლმხედველობას, ცხოვრების შედარებით პრიმიტიულ წესს, უძველეს სიბრძნეს ლეგენდებისა და რიტუალების სახით, ცდილობენ არ იათქვიფონ ცივილიზაციაში, ჯერ არ დაუკარგავთ კავშირი მიწასთან, ისეთები როგორიც არიან ამერიკის აბორიგენები, რომელთაც ზოგადი სახელით – ინდიელები – ვიცნობთ, ავსტრალიელი აბორიგენები, აფრიკელი ზულუსები, დაგონები, იაპონელი იანუ, მალაზიის მოსახლეობა, ახალ ზელანდიელი მაორები და სხვ.

შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლამდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თემა მაიას კალენდარი იყო, რომლის მიხედვითაც დროის ათვლა 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, ზოგი გამოთვლით 23 დეკემბერს ან 2013 წლის 16 თებერვალს. ეს ინფორმაცია ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს კალენდარი, ვინ შეადგინა, რაში გამოიყენებოდა გარდა დღეების ათვლისა, როგორ გამოიყურება, რა ათვლის სისტემა არის გამოყენებული, რამდენად ზუსტია, რას ნიშნავს მთავრდება და რა მთავრდება.

რამდენიმე წელია სერიოზულად დაინტერესებული ვარ ამ კალენდრით და ვეცდები, რამდენადაც შესაძლებელია გამარტივებული და გასაგები სურათი მოგცეთ, ვისაც აინტერსებს ეს თემა.

კალენდარი, ჩვენი გაგებით საკმაოდ მარტივი დროის ათვლის სისტემაა, რომელიც იწყება დღეებით, დღეები ქმნიან კვირას, კვირები თვეს, თვეები წელს, წლები საუკენეს – ეს ყველაფერი ქრონოლოლოგიურად დალაგებულია, ითვლება და ინომრება მხოლოდ წლები, დღეები და თვეები ციკლურად მეორდება. ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კალენდრული სისტემა. რომლის საფუძვლად აღებულია ის დრო, რასაც დედამიწა ანდომებს თავისი ორბიტის გავლას, ანუ მზის გარშემო ერთი წრის გავლას, რაც დაახლოებით 365 დღეს წარმოადგენს, თავისი ღერძის გარშემო ერთი წრისათვის 24 საათი ჭირდება, ეს არის სულ რასაც ჩვენი კალენდარი გამოხატავს, მასში არ არის მთვარის ფაზები ან დედამიწის მდებარეობა სხვა პლანეტების მიმართ, მითუმეტეს მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში.

მაიას კალენდარი მთლიანად განსხვავებულია ჩვენი კალენდრული სისტემისაგან, ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას აწარმოებს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან და ამით ერთადერთი და განსაკუთრებულია დედამიწაზე ოდესმე ან ახლა არსებულ კალენდრებს შორის.

ის რასაც მაიას კალენდრის სახელით ვიცნობთ, სინამდვილეში ერთი კი არა სამი სხვადსხვა კალენდარია, განსხვავებული ათვლის სისტემით, რომლებიც გარკვეული ციკლის მანძილზე ერთმანეთს კვეთავენ. მაიას კალენდრისა გასაგებად ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ჩვენთვის ჩვეული დღეების, კვირეების და თვეების სისტემა, წლების ჩვენებური ქრონოლოგიაც.

ჯერ ზოგადად – ეს კალენდარი ითვალისწინებს არა მხოლოდ დედამიწის მოძრაობას საკუთარი ღერძის და მზის გარშემო, არამედ მთვარის ფაზებს, მზის და მთვარის დაბნელებებს, პლანეტა ვენერას ხილულ ცაზე მოგზაურობას, პლეადების ციკლს. მთელი სიზუსტით გამოთვლილი ქონდათ აქვთ მთვარის ყველა დაბნელება 30 წამიანი სიზუსტით, მზის ბუნიობა, პლანეტების მოძრაობა მზის სისტემაში, მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში, მისი მიმართება გალაქტიკის ცენტრთან, “ცენტრალურ მზესთან”, პლეადების მიმართება დედამიწასთან.

მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი დღე უბრალოდ , კვირის, თვის ან წლის მორიგი დღე კი არ არის, არამედ გარკვეული ენერგიის მატარებელი, რომელიც შექმნაში იღებს მონაწილეობას. მოკლედ რომ ვთქვათ მაიას კალენდარი არის ცნობიერების მიერ დროსა და სივრცეში მოქმედების, მის მიერ რეალობის შექმნის განვითარების პროცესი.

ეს სამი კალენდარი რომელიც ამ პროცესს გამოხატავს არის – ცოლკინი, ჰააბი და გრძელი თვლის კალენდარი, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი კალენდარია, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთს კვეთავენ გარკვეულ წერტილში. ცოლკინი და ჰააბი და ყოველი წელს მეორდება. ოღონდ ერთი წელი ცოლკინის მიხედვით 260 დღეა, ჰააბის მიხედვით – 365. გრძელი თვლის კალენდარი თვითონ არის ერთი დიდი ციკლი.

ცოლკინისა და ჰააბის დღეების ერთმანეთზე დამთხვევის ციკლი ყოველ 52 წელიწადში ერთხელ მეორდება, ყოველი ასეთი ციკლის დასასრული მაისთვის დიდი მოლოდინი იყო, მიეცემოდათ თუ არა კიდევ ერთი 52-წლიანი ციკლი, პლეადების მიერ ჰორიზონტის გადაკვეთა (რომელიც ზუსტად ამ ციკლის ბოლოს ხდება), მათთვის იყოს ნიშანი, რომ ქმნილების პროცესი გრძელდება და კიდევ ერთი 52 წლიანი ციკლი მიეცათ.

ცოლკინი, იგივე ღთიური კალენდარი, ძირითადად ვენერას მოძრაობაზე ორიენტირებული და შედგება ოცი ცამეტდღიანი კვირისაგან, ოცივე კვირას თავისი სახელი აქვს, ასევე ცამეტივე დღეს, სახელების გარდა დღეებს თავისი ნომერი აქვთ. მასში როგორც ვთქვით 260 დღეა.

ჰააბი უფრო ყოველდღიური კალენდარია, ორიენტირებულია დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე, ამიტომაც მასში 365 დღეა და ამდენად ახლოს დგას ჩვენს კალენდართან, თუმცა წლების აღრიცხვა ჰააბის მიხედვით, ისევე როგორც ცოლკინის – არ ხდება. მის მიხედვით აწარმოებდნენ და აწარმოებენ მეურნეობას. ჰააბი შედგება 19 თვისაგან, რომელსაც ასევე თავისი სახელები აქვს, როგორც თვეებს ასევე დღეებს. 18 თვე სრული ოცდღიანია, მეცხრამეტე კი – უაბი – მხოლოდ ხუთდღიანია, ამ ხუთ დღეს სახელი არა აქვს და არც ნომრავენ, ეს ყველაზე უიღბლო დღეებად ითვლება და ცდილობენ ამ დღეებში არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთონ, ცეცხლის დანთებას და ცხელი საჭმელის ჭამასაც ერიდებიან. ყოველ დღეს თავისი გარკვეული ენერგეტიკა აქვს, თავისი დანიშნულება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება ინდიელების ცნობიერებაში.
შედარებით რთულია გრძელი თვლის კალენდარი, ვეცდები რაც შეიძლება მარტივად ავხნა, ნაკლები ტერმონოლოგიით.
ჩვენი გაგებით წლების აღნიშვნა მაიას კალენდრის მიხედვით არ ხდება, მთელი დატვირთვა დღეებზეა. და დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ 52 წლიან ციკლს, რომელიც მათთვის 18980 დღეა, ამ ციკლს მრგვალ კალენდარს უწოდებენ და საერთოდ ციკლურობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. თუ ცოლკინი და ჰააბი ორი, ერთი დიდი, მეორე უფრო პატარა კბილანებიანი ხის ან ქვის დისკოა, გრძელი თვლის კალენდარი ქვის ან ხის სტელა ან რკალია. რომელზედაც ერთმანეთში ჩამჯდარი დისკოების მოძრაობით მივდივართ რომელიმე ციკლამდე. თვითონ გრძელი თვის კალენდარი ციკლური არ არის და აღარ მეორდება (როგორც ვთქვათ 260 დღის შემდეგ ცოლკინის ახალი ციკლი დაიწყება ან 365 ხუთი დღის შემდეგ ჰააბის, 18980 დღის შემდეგ – ახალი მრგვალი კალენდარი) . გრძელი კალენდარი ცამეტ ბაქტუმიანი მონაკვეთებისაგან შედგება.
ისე სურათებს თუ ამიტვირთავთ ვინმე, ვეცდები იმ სურათების მიხედვით გავაკეთო კომენტარი, როგორც შევძლებ, უფრო გასაგები რომ იყოს.

მაიას კალენდრიდან მხოლოდ გრძელი თვლის კალენდარი აწარმოებს დროის ხაზოვან ათვლას, ანუ წარსულის ქრონოლოგიას, არც ცოლკინი და არც ჰააბი არ ითვლის უკვე გასულ, წარსულ წელს, არც მრგვალ კალენდარს – 52 წლიან ციკლს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ციკლურად მეორდება.
ახლა მოქმედი გრძელი თვლის კალენდარი, ანუ ბოლო ციკლი მოიცავს ცამეტ ბაქტუნს, თითო ბაქტუნში 144 000 დღე – კინია, თვითონ ბაქტუნი შედგება 20 კატუნისაგან, კატუნი 18 უნილისაგან უნილი კი 20 კინისაგან, კინი – ერთი დღეა.
ცამეტბაქტუნიანი კალენდარი სწორხაზოვანი დროის ბოლო მონაკვთია, თორემ მანამდე უკვე გავლილია დროის უზარმაზარი მონაკეთი, რომელთა ათვლის სისტემა და სახელები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ეს სისტემა ჯდება ცამეტ ჰაბლატუნში, რომლის ათვლაც 16 მილიარდ წელს მოიცავს, მაგრამ ეს დროებით დავივიწყოთ და დავუბრუნდეთ გრძელი ათვლის კალენდარს, პირველი ბაქტუნი დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3114 წლის აგვისტოში და მეცამეტე ბოლო ბაქტუნი და მთლიანად გრძელი კალენდარი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზის ბუნიობისას. ამავე დღეს მთავრდება ცოლკინის 260 დღიანი ციკლიც, ჰააბის 365 დღიანიც და თავისთავად 52 წლიანი ციკლური მრგვალი კალენდარიც, მთლიანად ეს ციკლი მოიცავს 5128 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გრძელი კალენდარი ციკლური არ არის და აქ ათვლა მთავრდება, ასეთი დამთხვევის ციკლი შეადგენს დაახლოებით 26 000 წელს.
ეს რაც შეიძლება მოკლედ თვითონ კალენდარზე, მაგრამ გაცილებით საინტერესოა მაიას მიხედვით დროის კავშირი და მისი მიმდინარეობა მოვლენებთან, ქმნილების პროცესთან და ცნობიერებასთან.

მაიას და საერთოდ მეზოამერიკული კოსმოლოგია მთლიანად დაფუძვნებულია ციკლურ განვითარებაზე. გარდა გრძელი კალენდრის დიდი ციკლისა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია “დიადი თარიღები” – სამყაროს კოსმიური სურათი დროის მოვლენებთან და ქმნილების საფეხურებთან განვითარების შესახებ. ეს არის ცხრა ქვედა სამყაროსა და ცამეტი ზეცის ურთიერთობა. გასაგები რომ გახდეს, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მაიას ათვლის სისტემა რომელიც ეფუძვნება ცამეტს და ოცს (განსხვავებით ათობითი ათვლის სისტემიდან). ჩიჩენ-იცას კუკულკანის საფეხურებიანი პირამიდა, ტიკალის იაგუარის პირამიდა – გაქვავებული კალენდარია, რომელიც არა მხოლოდ წელიწადის დროებს, დღეებს, 52 წლიან ციკლს, გრძელ კალენდარს… მოიცავს, არამედ მთლიანად ქმნილების კოსმოლოგიურ სურათს. მათი ცხრა საფეხური გამოხატავს ცხრა ქვედა სამყაროს, თითოეულ სამყაროს ცამეტი “ზეცა”, მართავს. ეს ცამეტი ზეცა წარმოადგენს შვიდ დღეს – სინათლეს, შემოქმედებას, განვითარებას, და ექვს ღამეს – სიახლის, განვითარების ძველთან წინააღმდეგობრივი გზით დროში დამკვიდრებას, ყველა ეტაპი იმართება ღმერთების, ნახევარღმერთების, დემონების რთული პანთეონით.
პირამიდის პირველი საფეხური, ქვემოდან ზემოთ იწყება დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინათ, რაც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე თარიღთან, მეორე ეტაპი რაღაც რვაასი მილიონი წლის წინ, ადამიანი, როგორც ასეთი შემოდის მეოთხე საფეხურზე – დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, მაგრამ ჩვენი ცნობიერება – მეხუთე საფეხურზე – ასიათასზე მეტი წლის წინ, მეექვსე საფეხურიდან იწყება გრძელი თვლის კალენდარი – 5128 წლიანი ციკლი, მეშვიდე – მეთვრამეტე საუკუნიდან, მერვე – ოცდამეერტე საუკუნის დასაწყისში, მეცხრე და ბოლო ახლა მიმდინარეობს, მთელი პროცესი, ყველა ციკლი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს (კოლემანის გამოთვლით დამთავრდა 2011 წლის 28 ოქტომბერს). ამით მთავრდება დროის განვითარების ციკლი. თუმცა ეს არ ნიშნავს სამყაროს ან განვითარების დასასრულს, მთავრდება დრო, ისეთი როგორც გვესმის ახლა, ეს ცხრა ქვედა სამყაროს განვითარება წარმოადგენს დროის მდინარების აღრიცხვას მოქმედების პროცესთან მიმართებაში, აქ ერთი მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველი მომდევნო საფეხური ქვედაზე ოცჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ანუ დროის მდინარება ასტრონომიულად იგივე რჩება, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად, დაჩქარებილი პროცესების გამო დრო იკუმშება მანამ, სანამ არ მივა კრიტიკულ ზღვართან, სადაც დროის ათვლის ძველი სისტემა ვეღარ მუშაობს და ეს ზღვარი ემთხვევა ცხრავე ქვედა სამყაროს გაერთიანებას რადგან ზედა საფეხურის დაწყება, ქვედას დამთავრებას არ ნიშნავს, ქვედა უბრალოდ საფუძველია, თორემ ისიც გრძელდება 2012 წლამდე.

იმისათვის, რომ უკეთ შემძლოთ ამის გაგება, წარმოვიდგენთ ცხრაფურცლიან ყვავილს, შეიძლება უფრო გასაგები გახდეს. წარმოვიდგინოთ ცხრაფურცლიანი ყვავილი, რომელიც სათითაოდ შლის ფურცლებს, ყოველი მომდევნო ფურცელი წინაზე ოცჯერ სწრაფად იშლება, საბოლოოდ ყვავილის ცხრავე ფურცელი გაიშლება და ამ დროიდან განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, რადგან ყველა ყვავილი მცენარის განვითარების რაღაც საფეხურის დამთავრებას და მეორის დაწყებას (ნაყოფი) ნიშნავს.

ამ სურათზე გამოსახულია უმეტესობოსათვის ცნობილი როგორც მაიას კალენდარი, რეალურად კი ეს აცტეკების კალენდარია, რომლის ძირის, საფუძველიც მაიას კალენდარია, ოდნავ შეცვლილი სახელებით, იგივე კალენდარი ოღონდ მხოლოდ ცოლკინისა და ჰააბის ციკლური ათვლა თავისი ოცი ცამეტდღიანი კვირით, 18 ოცდღიანი თვით, 5 დღიანი უაბით და 52 წლიანი ციკლით, მაგრამ აქ არ არის ნაჩვენები გრძელი თვლის კალენდარი.
ჩვენ ვამბობთ რომ დღეს არის 2012 წლის x თვის x დღე, ინდიელები თვლიან რომ არის თორმეტი ბაქტუმი x კინი, ჰააბის x დღე, ცოლკინის x დღე, რომელთაგან თითოეულს შესაფერისი სახელი აქვს.
საინტერესოა რომ მაია უძველესი დროიდან იცნობდა ნოლს, ათასწლეულებით ადრე, ვიდრე დანარჩენი სამყარო დაიწყებდა მის გამოყენებას, ჰქონდათ რიცხვების ჩაწერის ოცათვლიანი სისტემა, როგორც იეროგლოფიური, ასევე სიმბოლოებით – ნოლი, წერტილი და ხაზი, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი, იცნობდნენ მზის სისტემას, გალაქტიკას, ჩვენს ადგილს გალაქტიკაში, ზუსტად იცოდნენ დედამიწის ეკვინოქსის თანათარდობის ხანგრძლივობა.

ასე გამოიყურება მთლიანობაში მაიას კალენდარი, გარეთა დიდი წრე ჰააბის დღეების ათვლაა, შიგა პატარა წრე ცოლკინის და ღერძი იდეაში გრძელი კალენდარია, რომელიც აქ მრგვალი კალენდრის 52 წლიან ციკლებსაც აღნიშნავს, მთლიანობაში მაიას კალენდარი კი 500 ასეთი ციკლია, რაც 26000 წელს შეადგენს, და რომელიც მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს.

საინტერესოა რომ თვითონ მაია ან ინდიელთა რომელიმე წარმომადგენლობა არ თვლის რომ ეს თარიღი ქვეყნის დასასრული ან კაცობრიობის, დედამიწის დაღუპვის მიმანიშნებელია, ასეთი განცხადება მათ არასდროს არ გაუკეთებიათ, არც წინასწარმეტყველებაა აქვთ ასეთი, თუმცა გოპის ტომის ინდიელებს აქვთ უძველესი რუკა, რომელიც აჩვენებს როგორი შეიძლება იყოს დედამიწა ამ თარიღის შემდეგ, მაგრამ ამ რუკასთან ერთად აქვთ წინასწარმეტყველება დედამიწის და კაცობრიობის მეორე ვარიანტის, მათი წინასწარმეტყველებით ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული რომელ დედამიწაზე ვიცხოვრებთ.
2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება გრძელი ათვლის კალენდარი, მაგრამ ჰააბი და ცოლკინი ციკლურია და ახალ ციკლს იწყებს. გრძელი თვლის კალენდრის დასასრული არა სამყაროს, არამედ დროის, ისეთის როგორსაც აქამდე ვიცნობდით დასასრული და ახლის ჯერ კიდევ აუთვლელის დასაწყისია, რომელსაც მაია დიდი ხანი, ათასწლეულებია რაც ელოდება. იმის შესახებ რას ნიშნავს ეს და რა არის მაიას წინასწერმეტყველება ახალ დროზე თვითონ მაიას მიხედვით, ცოტა მოგვიანებით.

ჩვენ მიჩვეული ვართ დროის მდინარების სწორხაზოვან ათვლას – წარსულიდან მომავლისაკენ. და დრო ჩვენი გაგებით მხოლოდ დროა, რომელიც მიედინება და რომელშიც მიმდინარეობს მოვლენები.
მაია (და ზოგადად მთლიანი მეზოამერიკული კულტურა, რომელსაც სიმარტივისათვის მხოლოდ მაიას სახელით მოვიხსენიებ, დროს აღიქვამს ერთხაზოვნადაც, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ ამავდროულად ციკლურად განვითარებადს, ვიზუალურად ეს დაახლოებით ასე წარმომიდგენია: სფერო – მთლიანი დრო, შუაში ღერძით – სწორხაზოვანი დრო ანუ გრძელი კალენდარი, ამ ღერძზე ერთმანეთს მიყოლებული პატარა სფეროები, რომლებშიც ასევე პატარა სფეროებია – ჰააბისა და ცოლკინის ციკლებით შემდგარი მრგვალი კალენდრის (52 წლიანი) ციკლი, ეს მთლიანი წარმოსახვითი სფერო იქნება ერთი დიდი ცამეტბაქტუმიანი ციკლი, რომელიც 5128 წელს მოიცავს, ახლა ეს წარმოსახვითი სურათი ცოტა გავართულოთ, და წარმოვიდგინოთ ღერძით ერთმანეთს შეერთებული ხუთი ზუსტად ასეთივე სფერო, და მერე ხუთივე ჩავსვათ ერთ სფეროში – ეს იქნება ერთი დიადი ციკლი. მაიას მსოფლმხედველობით დრო დაკავშირებულია ჩვენს ცნობიერებასთან და ჩვენთან ერთად ვითარდება, ყოველი პატარა ციკლის დასასრული ახალი ქმნილების დასაწყისია, თვითონ დრო კი ენერგიაა, რომელიც ქმნილების, შექმნის პროცესში მონაწილეობს, ყველა ციკლი მთავრდება და მისი შემოქმედების, ნამოქმედარის საფუძველზე ახალი იწყებს განვიტარებას, ამიტომაც განვლილ დროს არ ნომრავდნენ, მხოლოდ სახელებს უწოდებდნენ იმ მოვლენის მიხედვით რაც მნიშვნელოვანი იყო დროის იმ ციკლში, მაიას მიხედვით ყველა დიდი ციკლის ბოლოს, რომელსაც სამყაროს ან მზეს უწოდებს ეს სამყარო ნადგურდება და მის ნანგრევებზე იწყებს ახალი სამყარო განვითარებას, ასე განადგურდა წინა ოთხი სამყარო მიწისძვრით, ყინულით, ცეცხლით და წყლით, ახლა მეხუთე მზის ბოლოში ვიმყოფებით, მაგრამ არა მხოლოდ მეხუთე ციკლი მთავრდება, არამედ მთლიანი დიადი ციკლი, რომელიც მოიცავს თითქმის 26 000 წელს და რომელიც მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს, დღის 11 საათსა და 11 წუთზე, ეს არის დრო როდესაც იტცას კონსული (ინდიელების უხუცესტა გაერთიანება) საკრალური ცერემონიით ოფიციალურად გამოაცხადებს დიადი ციკლის მეხუთე და ბოლო სამყაროს, მეხუთე მზის დასასრულს. ასტრონომიულად კი იგივე დღის 11 სათსა 12 წუთზე ზამთრის ბუნიობაა. გარდა ამისა ზუსტად ამ დროს დედამიწა და მზე ზუსტად ერთ ხაზზე იმყოფება გალაქტიკის ცენტრთან, ამ მოვლენას პრეცესიის თანაფარდობა, პრეცესიის ბუნიობა ქვია და მხოლოდ ყოველ 26 000 წელიწადში, უფრო ზუსტად ყოველ 25740 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ზუსტ თარიღზე, პლიუს-მინუს რამოდენიმე წელი, დღემდე კამათობენ მეცნიერები. პრეცესიის თანაფარდობაზე რომელიღაც თემაში მიწერია ადრე, აქ ძალიან მოკლედ გეტყვით: როგორც ვიცით დედამიწა მოძრაობს მზის ირგვლივ თავის ორბიტაზე, ასევე მოძრაობს საკუთარი (წარმოსახვითი) ღერძის გარშემო, დედამიწის როტაციის შედეგად ღერძის მცირედ იხრება, რაც დაახლოებით 26 000 წელიწადში ერთხელ ქმნის 360 გრადუსს ანუ მთლიან წრეს. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე სამყაროსთვის პრეცესიის თანაფარდობისა და მის დაახლოებით დროზე, ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი მეოთხე, მეხუთე საუკუნეებში გახდა ცნობილი, მაიამ ამის შესახებ უდიდესი სიზუსტით იცოდა გაცილებით ადრე, ამ მოვლენას იცნოდბნენ ეგვიპტელებიც, ინდოელებიც, კელტებიც.

მაიას თავის ლეგენდებში და მეხსიერებაში კარგად ინახავს წინა “სამყაროების” დასასრულს, და განსაკუთრებით დიადი ციკლის ზუსტად შუაში მომხდარ მოვლენებს, როდესაც იქმნება შესაძლებლობა დროსა და ქმნილებაში (რაც მათთვის მჭირდო კავშირშია) მკვეთრი ნახტომის გაკეთების და რაც ამ ციკლის დროს დიდი ტრაგედიით დამთავრდა, და “ზეციურმა წინაპრებმა” მარტო დაგვტოვეს, მაგრამ “დრო გაგვიწელეს” რომ მოეცათ ჩვენთვის შანსი “სიმინდის ადამიანებიდან” “სინათლის ადამიანებად” გარდავქმნილიყავით, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ. ეს დროა ცამეტი ბაქტუმი, ოთხი აჰაუ, მესამე კანკინი – 2012 წლის 21 დეკემბერი. ეს თარიღი წარმოადგენს, დროის სრულიად ახალი ციკლის და ქმნილების, გარდაქმნის ახალი ეტაპის დასაწყისს. არსად არც ერთ ტექსტსა (ასეთი არც ისე ბევრია) და ლეგენდაში ეს თარიღი სამყაროს დასასრულად არ ითვლება, მხოლოდ დასაწყისად.
კერძოდ რას და რის დასაწყისს გულისხმობენ, ვეცდები მოკლედ გადმოვცე: ინდიელთა ცივილიზაციისთვის სხვა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა კარგად იყო ცნობილი გალაქტიკის აგებულებაც და გალაქტიკის ცენტრიც (რაც ყოვლად შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით ცაზე თუნდაც ათასწლეულობით დაკვირვებით გაეგოთ, რადგან ირმის ნახტომი ცაზე მხოლოდ რკალის სახით ჩანს). გალაქტიკის ცენტრს ცენტრალურ მზეს უწოდებდნენ, თუმცა ისიც იცოდნენ რომ უძირო სიბნელეს წარმოადგენდა, ეს პარადოქსალური შავი სინათლე – ეკ უაინალი წარმოადგენდა ქმნილების საწყისს წერტილს, აქედან იწყებდა სამყაროს, ცხოვრების ხე გაშლას, აქედან წამოსული ენერგია არის სიცოცხლის საწყისი მთელს გალაქტიკაში, და იმ დროს როცა დედამიწა, ჩვენი მზე და ეკ უიანალი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ეკ უინალის ცენტრიდან სიცოცხლის ხის ტოტები შემოიხვევიან და მიიზიდავენ ჩვენს მამას- მზეს მთლიანად შეცვლიან და თავის ენერგიას გადასცემენ, რომელიც თავისთავად ჩვენს დედას – მიწას გადასცემს ამ ენერგიას და ორივე ერთად – ჩვენ ადამიანებს გაგვახვევს ახალ სინათლეში და დაგვიბრუნებს ჩვენს ნამდვილ სახეს, და სამყაროს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში (ისინი თვლიან, რომ სამყარო ისეთი სულაც არ არის რასაც ვხედავთ), ამასთანავე დაბრუნდებიან ჩვენი კოსმიური წინაპრებიც, რომლებიც აღარ მიგვატოვებენ.
საინტერესო ფაქტია, რომ 2010 წელს, მგონი, ჰარვარდის უნივერსეიტეტის ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან – შავი ხვრელიდან გამომავალი უზარმაზარი გამა გამოსხივების სფერო, რომლის რადიუსი 25-26 ათასი სინათლის წელია, არც მისი წარმოშობის, არც დანიშნულების შესახებ, რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არაფერი არ იციან, მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან დაახლობით 27 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს.

ინდიელთა ლეგენდები სხვადახვა ღმერთების ჩამოსვლას წინასწარმეტყველებინ ამ დროისათვის, კეცალკოატლი, კუკულკანი, ბოლონ იაქტე, ინდიელთა პანთეონისათვის დამახასიათებელია სხვადსხვა ღმერთების ერთ ღვთაებაში გაერთიანება ან პირიქით ერთი ღმერთის სხვადსხვა სახელით და სხვადასხვა ამპლუაში მოვლინება, რომლის ნათელი მაგალითიც კეცალკოატლი – ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთია, რომელიც იგივე კუკულკანია, შეცვლილი ატრიბუტებით და ოდნავ განსხვავებული გენიოლოგიით, და კიდევ მისი მრავალი ვარიანტებით ტომებისა და ენების მიხედვით. თუმცა ძალიან საინტერესოა ბოლონ იაქტე, რომელიც ჩემი აზრით, გახდა მიზეზი 2012 წლის სამყაროს დასასრულად გამოცხადების, ამაზე ცოტა მოგვიანებით (რაც არ უნდა ვეცადო, უფრო მოკლედ არ გამომდის).

მაიას გრძელი კალენდრის დასასრულის შესახებ დიდი ხანია ცნობილია ევროპელებისათვის, მას შემდეგ, რაც პირველად ჰქონდათ შეხება ამ კალენდართან (ისე, ამბობენ რომ ამ კალენდარმა მოახდინა გავლენა გრიგორიანული კალენდრის ჩამოყალიბებაზე). მაიას დამწერლობიდან შემორჩენილია სამად სამი ხელნაწერი, რომლებიც იმ მუზეუმების სახელებითაა ცნობილი, სადაც ინახება – დრეზდენის, მადრიდის და პარიზის ხელნაწერები, და ორი საკულტო წიგნი – “ჩილამ-ბალამი” და “პოპოჰ ვუ”, ყველა მათგანში არის საუბარი დროის ციკლურობაზე, დროის დასასრულს ღმერთების – ზეციური წინაპრების დაბრუნებაზე. მაგრამ დროის დასასრულის ზუსტი თარიღი არსად არ არის ნახსენები. ზეპირი გადმოცემები და ლეგენდები დროის დასასრულად გრძელი კალენდრის დასასრულს ასახელებდნენ, მაგრამ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია.

სამყაროს დასასრულის ბუმი დაიწყო არა მაიასაგან, არამედ “თეთრი ადამიანების” მიერ, მას შემდეგ რაც გასული საუკუნის სამოციან წლებში ცნობილი ტორტუკიეროს მეექვსე მონუმენტის იეროგლიფები აღმოაჩინეს და გაშიფრეს, იქ კი აშკარად წერია ის, რასთვისაც მაია უკვე დიდი ხანია ემზადებოდა და ზუსტად იგივე თარიღია მითითებული – ცამეტი ბაქტუმი, ოთხი აჰაუ, მესამე კანკინი. აქ წერია, რომ, ეს ადრე მოხდა, კვლავ მოხდება, ცხრა ქვედა სამყაროს და შვიდი დღის მმართველი დაბრუნდება, ყველასთვის ხილული გახდება ბოლონ იაქტე კი. ტორტუკიეროს კომპლექსი უკავშირდება მაიას ალბათ, ყველაზე ცნობილ მეფის ქინიხ ჰანააბ პაკალის სახელს და წარწერათა პირამიდას, რომლის ქვეშაც ინახება მეფის სარკოფაგი უცნაური მოხატულობით (ერიხ ვან დენიკენი ხშირად ასახელებს) ამ სარკოფაგზე გამოხატული პიროვნება აშკარად რაღაც საფრენ აპარატში ზის, გარკვევით ჩანს უცნაური მოწყობილება, სასუნთქი მილი, მოკლედ უკეთეს ახსნას ვერავინ ვერ პოულობს.
იმ პერიოდისთვის როცა ტორტუკიეროს იეროგლიფები აღმოაჩინეს, კარგად იყო ცნობილი ის წარმოუდგენელი და ყოვლად აუხნელი კოსმოლოგიური ცოდნა, რაც უძველეს მაიას გააჩნდა, ასევე კარგად იყო გაშიფრული და წაკითხული ათასობით დამწვარ ხელნაწერებს შორის გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი წიგნი, იცოდნენ რომ ესპანელების შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე აღწერილი ქონდათ ესპანელების შემოსვლა და მათ მიერ ინდიელებისა და მათი კულტურის განადგურება საოცარი სიზუსტით და დროის ზუსტი ოცწლიანი მონაკვეთით, დიდი სიზუსტით გამოთვლილი ქონდათ ასტროლოგიური მოვლენები, რომლებიც ვერაფრით ვერ უნდა ცოდნოდათ, მაგრამ იცოდნენ. გაცილებით მეტი სერიოზულობით დაიწყეს მაიას წინასწარმეტყველებების განხილვა, ყურადღება მიაქციეს რომ წინა “სამყაროები” რაღაც კატასროფებით იღუპებოდა. არქეოლოგიური გათხრებით კი მათ მიერ დასახელებული ყველა კატასტროფა დადასტურებულია, აქვთ ბევრი და საინტერესო ლეგენდა ატლანდიდაზე, რომელსაც ატლანტიხას ეძახიან, და საიდანაც არიან წამოსულები, ყველაფერი რაც პლატონს უწერია და გაცილებით მეტი, პლატონისაგან აშკარად ვერ გადმოიღებდნენ. ახლა კი, როგორც ამბობდნენ მეხუთე და ბოლო სამყარო იყო. სრული სერიოზულობით დაიწყო მაიას ლეგენდების შესწავლა და უხეცესების გამოკითხვა, რას ნიშნავდა ეს თარიღი, ისინი კი მშვიდი ღიმილით პასუხობდნენ, რომ წინა სამყაროები და კატასტროფები ეხებოდა მხოლოდ დედამიწას, ახლა კი ქმნილების ციკლი მთავრდება რომელიც მთლიანად ჩვენს მზის სისტემას ეხება, რომ ჩვენი მარტოობა მთავრდება, რომ ცოდნის დიდი ნაწილი დაკარგული აქვთ, რადგან ჩვენ წავართვით, მაგრამ დიდი ციკლის დასასრულამდე აუცილებლად დაიბრუნებდნენ საჭირო ცოდნას (და კიდევ ვერ მივაღწიე ბოლონ იაქტემდე).

ღმერთი ბოლონ იაქტე, რომლის ჩამოსვლაც ნაწინასწარმეტყველებია ტორტიკიეროს იეროგლიფებით, ერთ ერთი ლეგენდით წარმოადგენს ომის, ნგრევის და შურისძიების ღმერთს, მაგრამ ეს არ არის მარტო, იქ ნახსენებია როგორც ცხრავე ქვედა სამყაროს, და შემოქმედების შვიდი დღის ღმერთი. რომ გავიგოთ რამ გამოიწვია ასეთი შეშფოთება დავუბრუნდეთ ზემოთ განხილულ ცხრა ქვედა სამყაროს, რომელიც იმართება 13 ზეცის (ქმნილების, შემოქმედების შვიდი დღე და ექვი ღამე) ამ სამყაროების ათვლა იწყება სამყაროს დასაწყისიდან, დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინ და ყველა საფეხური ერთად მთავრდება 2012 წელს.
ყველა საფეხურს თავისი შესაბამისი ღვთაება მართავს, რომელთაგან უმეტესის სახელი ბოლონია, ბოლონ კატამ, კოლონ აგიტ…. ვიღებთ შემდეგ სურათს: 2012 წელს მთავრდება სამყაროს შექმნის ციკლი, დედამიწაზე ჩამოდის განვითარების ცხრავე საფეხურის ღმერთი, რომელიც ერთიანდება ომისა და ნგრევის ღვთაებაში, მანამდე არსებული ყველა “სამყარო”, ცივილიზაცია კატაკლიზმებით განადგურდა, მაშასადამე ეს არის სამყაროს და კაცობრიობის დასასრული. ამას ისიც დაემატა რომ ორიოდე წლის წინ აღმოაჩინეს ფილა სადაც იგივე თარიღია მოცემული, მაგრამ არა იმდენად თარიღია საინტერესო, არამედ ის, თუ როგორ იყო ეს თარიღი შენახული, თითქმის როგორც “დროის კაფსულა” – საშენი ფილის შიგნითა დაფარულ მხარეს, და რომლის წაკითხვაც მისი დაწერიდან მხოლოდ საუკუნეების შემდეგ, კომპლექსის დანგრევის შედეგად გახდებოდა შესაძლებელი, ეს ე.წ. ‘კომალკალკოს ფილა”, ანუ საშენი ფილა კომალკალკოს კომპლექსიდან საუკუნეებით ძველია ტორტიკიეროს იეროგლიფებზე. ყველაფერი ეს, მაიას არჩვეულებრივ კოსმოლოგიურ და პლანეტის წარსულის ცოდნასთან, უკვე ახდენილ მრავალ წინასწერმეტყველებებთან ერთად (მათ შორის, სრულიად დაუჯერებელი და ლოგიკას მოკლებულ წინასწარმეტყველებები) , მართლაც არც ისე საიმედო სურათს ქმნის. და კარგად აიტაცეს სენსაციის და აპოკალოპსის მოყვარულებმა.
მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, თვითონ მაია, ვინც შეინახა ეს წინასწარმეტყველება, და რომლისთვისაც ყოველი 52 წლიანი მრგვალი კალენდრის დასასრული, შეიძლება გამხდარიყო კაცობრიობის დასასრული, ამ თარიღს დასასრულად კი არა დასაწყისად თვლის. სრულდება მხოლოდ დრო, ისეთი როგორიც ვიცით, რადგან სრულდება განვითარების გარკვეული ეტაპი (მაიასთვის კი დროის მდინარება მჭიდრო კავშირშია ქმნილების პროცესთან) , ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს კატაკლიზმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს კაცობრიობის ან დედამიწის დაღუპვას, თუნდაც გარკვეული რაოდენობის ადამიანების ფიზიკური სიკვდილი ამ ეტაპზე, სულაც არ წარმოადგენს მათ განადგურებას, ან განვითარების პროცესიდან ამოვარდნას, რადგან მათი შეხედულებით ჩვენ უკვე დავამთავრეთ განვითარების ციკლი და ამ ციკლისთვის განკუთვნილი დრო, ახლა კი, 2011 წლის 11 ნოემბრიდან, გარდამავალ უდროობის დასასრულში ვცხოვრობთ.
არსებობს ორი წინასწარმეტყველება, ერთი დამანგრეველი, კონტინენტების და დედამიწის ნახევრის გამანადგურებელი, სწრაფი, დიდი რაოდენობის ადამიანების დაღუპვით, მეორე – ძალიან გავს “ოქროს ხანას”, ადამიანები სახეს იცვლიან, ხდებიან ნათელი და სხივური, მთავრდება კოსმიური მარტოობა, იწყება განვიტარების ახალი საფეხური, ჰოპის ცნობილი მომავლის რუკა კარგად და ზუსტად აჩვენებს ორივე შესაძლებლობას, თუმცა ისინიც თვლიან რომ ჩვენ უკვე გადავაბიჯეთ ამ არჩევანის ზღვარს და გამანადგურებელი მომავალი უკან მოვიტოვეთ, თან ტორტუკიეროს წარწერა მიანიშნებს ბოლონ იაქტე კუჰ-ს ჩამისვლას და არა ბოლონ იაქტეს, ასევე გარკვევით წერია ცხრა ქვედა სამყაროს და შვიდი დღის ღმერთი, აქ ნახსენენი არ არის ექვსი ღამე, რომელიც ყველა საფეხურზე, ყველა ციკლში წინააღმდეგობებით, უკან სვლით, ნგრევით ხასიათდება, მხოლოდ შვიდი დღე, რომლებიც არიან შემოქმედნი.
ძალიან საინტერესოა ინდიელების ყველაზე ცნობილი, მნიშვნელოვანი და იდუმალებითა და პარადოქსებით მოცული ღმერთი კეცალკაოტლი და მისი დაბრუნების წინასწარმეტყველება დროის დასასრულისთვის.

მოდით, გავაგრძელოთ ეს თემა, არ ვიცი რამდენად საინტერესოა ზოგადად, მაგრამ პირადად მე ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა უძველესი კულტურები, მით უმეტეს, თუ დღემდე შემოინახეს ტრადიციები. ამ მხრივ ინდიელები მართლა გამოირჩევა, თუმცა არიან სხვებიც და მოგვიანებით მათზეც ვისაუბროთ თუ ინტერესი იქნება, სხვათაშორის ქართულ მთაში შემონახული ხატობაც უძველესი წარმართული კულტურის ნაშთია ქრისტიანობასთან შერწყმული, მთა-თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა თუ სვანეთში დღემდე მიმართავენ წარმართულ ღვთაებებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არც იციან, რომ ისინი კერპთაყვანისმცემლობის გამოძახილია.
დავუბრუნდეთ ისევ ინდიელებს, ბევრი თვლის რომ ინდიელი ინდიელია და ყველა მათგანს საერთო კულტურა და რელიგია აქვთ, როდესაც სინამდვილეში ინდიელებად მოვიხსენიებთ სრულიად განსხვავებული ენის, კულტურის, რელიგიის და ტრადიციების მრავალ ტომს, ხშირად ერთმანეთის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ დიდი სიმპათიით განწყობილს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს რამოდენიმე საერთო ნიშანი: დედამიწის დიდი სიყვარული და პატივისცემა, მისი სულიერ არსებად აღქმა, დროის და არსებობის ციკლურობა, თავიანთი ვარსკვლავური წარმოშობის მეხსიერება, დედამიწაზე უკვე განვლილი განვითარებული ციკლის ტრაგიკულად დაღუპვის მეხსიერება, აპოკალიფსური წინასწერმეტყველება, თეთრი ღმერთის ციკლის ბოლოს დაბრუნების წინასწარმეტყველება. ეს თეთრი ღმერთი ყველაზე ცნობილია მისი აცტეკური სახელით – კეცალკოატლი და მაიას სახელით – კუკულკანი, სხვადასხვა ტომები სხვასდასხვა სახელით მოიხსენიებენ კეცალკოატლს, მაგრამ მისი გამორჩევა სხვა უამრავ ღმერთებს შორის ძალიან ადვილი საერთო ნიშნებით, ყველა მათგანი, ანუ კეცალკოატლი ზოგადად ასე შეიძლება დახასიათდეს: ხშირად გამოსახავენ ფრთიანი გველის სახით, ინდიელებისაგან განსხვავებით არის თეთრკანიანი (მისი ერთერთი ეპითეტია – ფერმკრთალი ღმერთი) და წვერებიანი, მათთან გამოჩნდა დაახლოებით ორი ათასი წლის წინ, რამოდენიმე ვერსიის მიხედვით უბიწოდ ჩაისახა, არის სიცოცხლის ერთ-ერთი შემქმნელი, ინდიელებს ასწავლა დავიწყებული კულტურა, მათ შორის დადიოდა და ქადაგებდა სიყვარულს, სამართლიანობას, თანასწორობას, ყველას თავის დებს და ძმებს უწოდებდა, შეპირდა, რომ ციკლის ბოლოს აუცილებლად დაბრუნდებოდა და ამის შემდეგ ცხოვრება მთლიანად შეიცვლებოდა ყველასთვის (რამე ხომ არ გეცნოთ?).

კიდევ ერთი საერთო, რაც ინდიელთა თითქმის ყველა ტომს აქვს, ეს არის მეხსიერება დაღუპულ მეტად განვითარებულ ცივილიზაციაზე, რომლისგანაც მოდიან როგორც ისინი, ასევე მთელი კაცობრიობა, ამ ცივილიზაციას, სხვადასხვა ტომი განსხვავებული სახელით მოიხსენიებს, მაია – ყველაზე ცნობილი ტომი – მას ატლანტიხას უწოდებს. ისინი თვლიან რომ უძველეს დროს, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლოთ ღმერთებთან და ვარსკვლავურ წინაპრებთან ურთიერთობა, წინა ციკლის დროს შეცდომა დაუშვეს, რასაც კატაკლიზმები და მათი წინ სვლის ნაცვლად უკან დაბრუნება მოყვა. იმ დროს ისინი – მაია – წარმოადგენდნენ შუამავალს ღმერთ-წინაპრებს და ადამიანებს შორის. ერთმა ნაწილმა ფიზიკურად გადარჩენა მოასწრო და “კუს კუნძულს” – ამერიკას შეაფარეს თავი, დანარჩენი ინკარნაციით დაბრუნდნენ, მაგრამ დაკარგეს კავშირი წინაპრებთან. თუმცა თავიანთი ვარსკვლავური წარმომავლობა ახსოვთ. სამშობლოდ პლეადებს, კერძოდ, პლეადების მეოთხე ვარსკვლავს – მაიას – მიუთითებენ.
ძალიან საინტერესოა ამ სახელის წარმოშობა და ისტორია, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მაია ატლანტის შვილი და შვიდ დათაგან უფროსია, ყველაზე ლამაზი და მორცხვი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა განცალკევებით, მაგრამ ზევსმა მაინც მიაგნო და აცდუნა. მაიამ ზევსისაგან შობა ჰერმესი. ანუ მაია არის ჰერმესის დედა, ჰერმესი კი, იგივე ჰერმეს-ტოტი, ჰერმეს-ტრისმაგისტრი, საკაცობრიო სიბრძნის გასაღებია. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი როდის ეწოდა ამ ვარსკვლავს მაია, როგორც ჩანს ძალიან დიდი ხნის წინათ. საოცარია, რომ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ხალხი თავის თავს მაის უწოდებს და თავიანთ სამშობლოდ ზუსტად იმ ვრსკვლავს – მაიას მიუთითებენ, რომელსაც ევროპელებმა ჯერ კიდევ ამერიკის გაცნობამდე (?) დაარქვეს მაია. განსხვავება მხოლოდ სპელინგშია, მაიას ტომის ინდიელები მოიხსენებიან როგორც Maya, პლეადების მეოთხე ვარსკვლავს კი ქვია Maia, წარმოთქმით, ერთნაირად წარმოითქმება.
გასაგებია რომ, პლეადებს მაიას ტომისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ზუსტად იციან მისი მდებარეობა და მიმართება ორიონის ტანავარსკვლავედთან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაიას კოსმოლოგიაში. ისინი დარწმუნებული არიან რომ, მათ კოსმიურ წინაპრებს ისინი არასოდეს არ მიუტოვებია და თვალს გვადევნებენ, უბრალოდ ჩვენ ერთგვარ “კარანტინში” ვართ და ვერ გვეკონტაქტებიან ჯერჯერობით, მაგრამ უკვე დადგა დრო, როცა “აკრძალვა” მოგვეხსნება” და ვარსკვლავური წინაპრები დაგვიბრუნდებიან, რომ დაგვეხმარონ ახალი დროის და ახალი დედამიწის შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ ისისნი ვეღარ ეკონტაქტებიან “დიდ წინაპრებს” და “დიად სულს”, მათ არასოდეს შეუწყვეტიათ კონტაქტი დედამიწასთან და დედამიწის სხვა უხილავ სულიერ არსებებთან, კარგად იციან რომ ისინი სხვა, სულიერ, ჩრდილთა სამყაროს განეკუთვნებიან, მათთან კონტაქტი სხვადასხვა ბუნებრივი ე.წ. ჰალუცინეგონით ხდება, სპეციალური რიტუალით და ზუსტად განსაზღვრული მიზნით, თუმცა არის ისეთი ტომები, რომელთაც არანაირი დამხმარე საშუალება არ ჭირდება მათთან კავშირისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მაია მკვეთრად გამოყოფს თავს თეთრი ადამიანისაგან, თვლიან რომ ჩვენ ყველანი ერთი ვართ, რომ ყველა თეთრი თუნდაც ერთხელ მაინც ყოფილა ინდიელად ინკარნირებული, ინდიელებს ეს ახსოვთ, თეთრებს კი არა, ამიტომაც ისინი მძინარედ გვთვლიან და მხოლოდ მათ “აღვიძებენ” და “ახსენებენ” განვლილ ინკარნაციას, ვინც რაიმე პირობა დადო წინა ცხოვრებაში უხუცესთა წინაშე.

(Visited 2,312 times, 1 visits today)