abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

რა არის ადამიანი?

რა არის ადამიანი?

ადამიანი ფილოსოფიაში არის პრობლემა, რადგან მან არ იცის თუ ვინ არის და როგორია მისი ონტოლოგიური ადგილი სამყაროში.

ფილოსოფიაში დაისმის კითხვა, თუ რა არის ადამიანი? ამაზე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობდა. ადამიანმა განვლო თავისი ყოფიერების გრძელი გზა, სანამ “აქ” და “ახლა” მოაღწევდა და ის კვლავ განაგრძობს სვლას. ეპოქალური გააზრების მიხედვით, ადამიანის მიბაძვის საგანი იყო გმირი, წმინდანი, რევოლუციონერი, ზეკაცი, ტელეწამყვანი, კინო-ვარსკვლავი და ა.შ.

თუ ადამიანის გენეტიკური ფუნქცია აზროვნებაა, აქედან გამომდინარეობს შემდეგი: ისტორიის ადრეული პერიოდებიდან მოყოლებული ადამიანმა მიაღწია ამგვარი “მოაზროვნის” მდგომარეობას. ფორმულირება კი ასეთი იყო Homo sapiens, რაც განსაზღვრავდა ცხოველს, რომელსაც აზროვნება შეუძლია.

ადამიანი, როგორც Homo Faber, უკვე იარაღის მქონე და მწარმოებელ არსებად წარმოგვიდგება. აქ ის უკვე ბუნებას იმორჩილებს და მისი მბრძანებელი ხდება.

Homo ludens _ ადამიანი მოთამაშე, რომელიც ქმნის სამყაროებს სამყაროში ღვთის წაბაძვით, ქმნის თამაშით, მიზანი კი მასშივეა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია.

Homo tatus “მთლიან ადამიანს” ნიშნავს. ეს არის ადამიანის ის სახე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვეძებთ. ეს არის გრძელი გზა კოსმოსთან, პირველსაწყისთად გასაერთიანებლად. “გამთლიანება” საკუთარი თავის აღმოჩენას უკავშირდება და თავის მხრივ, დაუსრულებელი პროცესია _ მთელი ცხოვრება გრძელდება და შესალოა ისიც კი არ იყოს საკმარისი. ამ გზაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტუიცია, სიზმრები, ხილვები, რომელთა ჭვრეტა და მართვა ადამიანმა უნდა ისწავლოს.

დაბოლოს ჩნდება ადამიანის კიდევ ერთი განსაზღვრება Homo Sapiens Cyberneticus. თანამედროვე ადამიანს უწევს რეალურ, წარმოსახვით და ვირტუალურ სამყაროებში ცხოვრება. ამგვარმა მრავალმხრივმა არსებობამ განაპირობა კიდევ ერთი მოდელის ე.წ. კიბერპანკების გაჩენაც. ესაა ადამიანი, რომელიც შემოქმედებითად იაზრებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველანაირ ინფორმაციულ რესურსს. სიტყვა “კიბერნეტიკა” კი გულისხმობს ადამიანის (მექანიზმის) მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას და ასევე მის მართვას. ამდენად, კიბერპანკი არის “მესაჭე” ის, ვინც რეალობას მართავს.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაიგებოდა ადამიანის ბუნება, ტემპერამენტი, რელიგიური მსოფლმხედველობა, მორალური პრინციპები, საზოგადოება მუდამ ცდილობდა ადამიანის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას და თუნდაც ახალი ადამიანის შექმნას. ადრე ამას ადამიანს ავალდებულებდნენ ან აიძულებდნენ გარეშე ძალები, იქნებოდა ეს რელიგია, თუ სახელმწიფო იდეოგოლია; მაგალითად, ქალაქ-სახელმწიფო სპარტა თავისი მოქალაქეების “სპარტანულ აღზრდას” მოითხოვდა. ახალ დროში კი მიმდინარეობდა ადამიანის იდეოლოგიური აღზრდა (ფაშისტური და სოციალისტური რესპუბლიკები). გარდა ამისა, არის ადამიანის მართვის ფარული და შენიღბული ფორმებიც. ესაა მანიპულაცია, რომელიც პოლიტტექნოლოგიების აუცილებელი ელემენტია. იგი იყენებს რეკლამას, პიარსა და იმიჯის შექმნის მეთოდებს. ამ დროს ადამიანს შეგნებულად უყალიბებენ სტერეოტიპულ შეხედულებებს, გემოვნებას, მისწრაფებას, ლტოლვებს, ინტერესებს. ამგვარი ერთიანი და ერთფეროვანი სტანდარტების საშუალებით ადვილია ადამიანის მსოფლმხედველობის კონტროლი, უხეშად რომ ვთქვათ.

თუმცა დღეს ადამიანს მაინც აქვს თავისუფლება და ტექნიკური საშუალებანი გარდაქმნას საკუთარი თავი. უკვე  XX  საუკუნეში ადამიანს მიეცა საშუალება თავად აერჩია საკუთარი იდენტობა. ის ცდილობს სრულყოს საკუთარი თავი არა მარტო ზნეობრივი და ინტელექტუალური კუთხით, არამედ გარეგნობის მხრივაც. იდენტურობა აღარ არის ის, რაც  ადამიანს დაბადებიდანვე მოგვეცემა, მათ შორის არც სახელი, არც  გვარი და არც სქესი. ერთი მხრივ, იდენტურობა არჩევანის საგანია, მეორე მხრივ, ის დაცული უნდა იყოს მუსკულტურული და კროსკულტურული ზეგავლენისაგან _ ეს კი ადამიანისაგან მოითხოვს მუდმივ ზრუნვას საკუთარი იდენტურობის შესანარჩუნებლად.

ადამიანი დაინტერესებულია მუდამ საკუთარი თავის გარდაქმნით (სრულყოფით). მას ამისათვის ჰყავს მოდელი, ან ორიენტირი, რომელსაც თავის ბაძვის ობიექტად აქცევს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი არასოდეს ყოფილა კმაყოფილი თავისი ყოფიერების წესით.

ახალი ფილოსოფიური ხედვაც კი გაჩნდა ადამიანის დანიშნულების შესახებ, რომლის ავტორიცაა ცნობილი ფილოსოფოსი ერიკ ფრომი. იგი სვამს კითხვას  “ვიქონიოთ თუ ვიყოთ?” (To have or to be). როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანი გახდა მომხმარებლი. მას მუდამ რაღაც უნდა და ბევრი რამ სჭირდება. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც სურს, ის ჰქონდეს კიდეც. ყოფნას რაც შეეხება, თანამედროვე ადამიანი უნდა პასუხობდეს ეპოქის მოთხოვნილებებს, რათა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს პიროვნებად. ძნელია იმის თქმა, რომელი მხარე გადასწონის _ to be or to have?

სტატიის ავტორი: Narilla

 

(Visited 4,472 times, 1 visits today)