ამერიკელი იოგის მოგზაურობა
პროლოგი
ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს, ჩემმა მზერამ ფერფლის ორი გროვა დააფიქსირა: ერთი – საკრემაციო ორმოსგან, მეორე კი სამსხვერპლო კოცონისგან დარჩენილი. მხოლოდ ქვედა ტანზე მოსახვევი მქონდა შემოხვეული, და ცივი ქარი ძვლებამდე ატანდა. მძიმე სევდამ შემიპყრო. რას ვაკეთებდი აქ – მარტოსული, სიცივისგან აკანკალებული, გამოფიტული, მშიერი – სახლისგან ასე მოშორებით? ნუთუ ყველა ჩემი ძიება ამაო აღმოჩნდა? მე შევცქეროდი ვარსკვლავებს, რომლებიც ბებერი ბანიანის ხის მიღმა მოჩანდნენ. ღამის ფრინველები სევდიანად ებაასებოდნენ ერთმანეთს. ნაპირის გასწვრივ სამსხვერპლო კოცონები ანათებდნენ, და მათ ცეცხლში წმინდა ადამიანები გრძელი, მუხლებამდე თმით, ძღვნად მთის ბალახებს სწირავდნენ. როცა კოცონი ჩაიწვებოდა, ფერფლს იღებდნენ და მთელს სხეულზე ისვამდნენ. რიტუალის დამთავრების შემდეგ, ისინი წმინდა ადგილისკენ მიემართებოდნენ – ტაძრისკენ, სადაც მოხვედრაზე ვოცნებობდი.
Read More