abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

The Lovers – შეყვარებულები

კატეგორია ტაროლოგია June 23, 2015  |  Comments Off on The Lovers – შეყვარებულები
The Lovers – შეყვარებულები

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან Tarot Illuminati

კვლავ შეერთების მწველი სურვილი

„ყოველი მამაკაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია: ჩვენ და სამყარო ყველანი ერთი მასალისგან ვართ შექმნილნი. როდესაც ვიქმნებით, ჩვენში უკვე დევს ღვთაებრიობის ნაპერწკალი. ვარსკვლავი ჩვენს სხეულებში პირდაპირი ანარეკლია ყველა სხვა ვარსკვლავისა დედამიწის სხვა არსებებში. ჩვენ ვერთიანდებით ჯგუფებად, რათა ნიმუშები შევქმნათ ცაში. ჩვენ ვმოძრაობთ ცაში და ორბიტები გაგვაჩნია, და ზოგიერთი ჩვენგანი ეჯახება ერთმანეთს, ზოგი კი ერთიანდება მშვენიერ თანავარსკვლავედებად. მაგრამ ჩვენ ყველანი ვარსკვლავი-ბავშვები ვართ, და-ძმანი ერთი ცის ქვეშ, და ყველანი ვეძებთ კვლავ-შეერთებას ჩვენს პირველ-მიზეზთან. ვარსკვლავები ჩვენში ჰყვებიან თავიანთ წყაროზე და ჩვენ გვწყურია მასთან დაბრუნება. მოგზაურობა ხანგრძლივია, მაგრამ ჩვენ ვპოულობთ სხვა პიროვნებას, ვარსკვლავს, რომელიც ყველაზე ახლობელია და ყველაზე მეტად გვიზიდავს, და მასში ვხედავთ სიცოცხლის წყაროს, ის კი – ჩვენში. ჩვენ ვუერთდებით მას, მწველი სურვილით, ვნებით და ჟინით, მისი მეშვეობით კი დასრულებულნი და მთლიანნი ვხდებით. ეს სიყვარულია: ადამიანის სხეულებში მოქცეული ორი ვარსკვლავის შერწყმა, გამოხატული მათ შორის დამაკავშირებელი ხიდით. მაშ, არ დაწყევლო ხიდი, შეყვარებულო, არ დაიტირო ის სივრცე, რომელიც კვლავ გაერთიანებისთვის უნდა გადალახო, სწორედ ამ ხიდის წყალობითაა, რომ მონატრება და სიყვარული შეგიძლია საერთოდ.“

Read More

The Hierophant – იეროფანტი

კატეგორია ტაროლოგია June 17, 2015  |  Comments Off on The Hierophant – იეროფანტი
The Hierophant – იეროფანტი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან  Tarot Illuminati

სულიერი ტრადიციები

„ათასწლეულმა ჩაიარა და მრავალი ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე მოვიდა და წავიდა. თავის ადგილზე მათ დატოვეს ისტორია და ამ ისტორიაში დატოვეს სიბრძნის საგანძური, გამოცდილება, ცოდნა და სწავლებები. ისინი მომდინარეობენ წარსული სიბრძნისა და ცოდნის ამ კოლექტიური საუნჯისგან, და ყველაზე ეფექტური გზა ამ ტრადიციების შესწავლისთვის და წვდომისთვის – ესაა ორგანიზაციები და ინსტიტუტები. მათი თავდაპირველი მიზანი იყო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას ტრადიციებისა და მასში არსებული სიბრძნის შენარჩუნებისთვის. როდესაც ჩემს ტაძარში შემოდიხარ, ჭეშმარიტების მაძიებელო, შენ ფეხს ადგამ იმ მდიდარ ტრადიციაზე, რომელსაც იგი ეყრდნობა; როდესაც ცოდნას ეძებ ჩემთან, ასევე იკავებ შენს კანონიერ ადგილს ცოდნას მოწყურებულ მსახურთა და ნეოფიტთა გრძელ რიგში. მე ვარ მაცნე ამ დიადი და კეთილშობილი ცოდნისა, რომელსაც მილიონები ეძებენ, და რომელიც ეხსნებათ მათ იეროფანტის მანტიით მოსილი წმინდა საიდუმლოთა დამცველების მეშვეობით. მე შემიძლია გაჩვენო მისტერიები, და გადმოგცე ცოდნის კართა გასაღებები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მასწავლებლისგან ტრადიციული სიბრძნის მიღება აუცილებელი ნაბიჯია ცოდნის ნებისმიერ ჭეშმარიტ გზაზე.

Read More

The Emperor – იმპერატორი

კატეგორია ტაროლოგია June 17, 2015  |  Comments Off on The Emperor – იმპერატორი
The Emperor – იმპერატორი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან  Tarot Illuminati

თავის ძალაზე დაბრძანებული ვერძი

თავდაპირველად ძალად-მეომარი მახვილით ხელშია, მას სჯერა, რომ ძალა თავად იარაღშია. ბევრი მათგანი, ვინც ინსტრუმენტს იყენებს თავის ცხოვრებაში რაიმეს შესაქმნელად, ფიქრობს, რომ ძალა და უნარი თავად ინსტრუმენტში დევს. მაგრამ როდესაც ვითომ-მეომარი მახვილის ფლობას სწავლობს, იგი ხვდება, რომ ძალა თავად მასშია, და ამიტომ ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ ძალაზე მასში და მის მოქმედებებში დევს. ტახტი, რომელზეც მმართველი ზის, ეძლევა მას როგორც პატივის მიგება თავისი ძალის გამო. არც ბრძანებები, არც კანონები და არც ძალები არ მოდიან ამ ტახტისგან: ისინი მოდიან მმართველისგან, რომელიც მასზე ზის. მრავალი ძალად-მეომარი ცდილობს დაოსტატდეს მახვილისა და ნაჯახის ფლობაში; პირველ რიგში მე მათ ვასწავლი თვითკონტროლსა და დისციპლინას, რადგანაც როგორ შეგიძლიათ იმოქმედოთ პასუხისმგებლობით და საკუთარი ძალის მთელი წონის შეგრძნებით, თუკი ვერ გაგიგიათ – რას ნიშნავს რაიმეს წესრიგში მოყვანა? მე ვარ მეომარი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საკუთარი ძალის ფლობა, გასწავლოს ამ სამყაროში ზუსტად, გაბედულად, მძლავრად და მიზანმიმართულად მოქმედება. მე ვარ ჯავშნოსანი მეფე-მზე, რომელიც არ იბრძვის და არ ეძებს კონფლიქტს. კონფლიქტი ძალის დისბალანსისა და ძალის წყურვილის დემონსტრაციას ახდენს. ძალა არასოდეს არაა მიზანი, არამედ საშუალებაა თქვენში, რომელსაც მიიღებთ, თუკი სწორი წარმოდგენა გექნებათ წესრიგსა და პასუხისმგებლობაზე.

Read More

The Empress – იმპერატორი ქალი

კატეგორია ტაროლოგია June 17, 2015  |  Comments Off on The Empress – იმპერატორი ქალი
The Empress – იმპერატორი ქალი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან  Tarot Illuminati

გრძნობად სამყაროში განხორციელებული ვენერა

„განაყოფიერებული სიჩუმიდან და მისტერიიდან ფორმები უნდა გამოვლინდნენ, და მე ვარ ქმნილების კარიბჭე. მე ვბადებ უამრავ რამეს: მე ვარ შემქმნელი ყოველი მომენტისა, რომელიც წარმოშობს ყველა შესაძლებლობას აქტიური ძალით გამოვლინებისკენ. დედამიწა, რომელზეც დავაბიჯებთ, ჩემი სხეულია ისევე, როგორც ჩემი ბავშვი. მისი სილამაზე და საოცრება ჩემი ხელოვნების ნიმუშებია, ჩემი საჩუქარი ყველა დანარჩენი ბავშვისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ისეირნონ ამ სილამაზესა და საოცრებაში. რა აზრი აქვს სიცოცხლეს სილამაზის გარეშე? რა არის იგი, სიყვარულის გარეშე? მე ვარ სიყვარულის დედოფალი, და ესაა ჩემი საომარი ყიჟინა და გულის ფარი. როდესაც უპირობოდ გიყვართ, გულს უხსნით სამყაროს ტკივილებისთვის, მაგრამ ეს გულისტკივილი და დარდიც ჩემი სიყვარულიდან მოდიან. მე ყველა ქმნილებას ვჩუქნი იმდენ სასიცოცხლო ძალას და მგრძნობელობას, რომ მათ შეძლონ ცხოვრებაში ჩაბმა, მის მდიდრულ კალთაში ღრმად ჩაშვება და ყველაფრის განცდა. როგორ შეიძლება, შენი გული ალალი არ იყოს, როდესაც იცი, რომ ტკივილის სათავე ასევე სიყვარულის სათავეცაა? არაფერი იქმნება სირთულეებისა და წვალების გარეშე. შემოქმედებისა და წარმოშობის სიმღერა – ესაა მშობიარე ქალის ყვირილი, შეყვარებულების კივილი შეერთების მომენტში, გამარჯვების ყიჟინა ფინალის დროს. შენ ხარ შემოქმედი და თანა-შემოქმედი ყოველი მომენტისა და ყოველი ნაბიჯისა დედამიწის ზურგზე“.

Read More

The High Priestess – ქურუმი ქალი

კატეგორია ტაროლოგია June 17, 2015  |  Comments Off on The High Priestess – ქურუმი ქალი
The High Priestess - ქურუმი ქალი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან  Tarot Illuminati

დუმილი ფეხმძიმედაა მისტერიებით

„ძველად ბევრს აქვს გავლილი ეს ბილიკი მისტერიებში განდობისთვის ძიებაში. ზოგი ამ გზას გადიოდა საუცხოო სიტყვებით და დიადი საქმეებით, ზოგი ძალით და ცეცხლით, ზოგიც მწველი სურვილით. მათი ნაბიჯები არ იყო დაშვებული მთვარის ტაძრის არც შიგნით და არც შორიახლოს. კარიბჭეზე და ისტორიის მემატიანეებში სამუდამოდაა აღბეჭდილი აქ შესასვლელი ფორმულა: შეიცან თავი. დუმილი ერთადერთი ეტლია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, და ამის მეშვეობით დალიოთ მეხსიერების მდინარიდან. მე ვარ მისტერიების კარიბჭის მცველი, ორაკული შენს შიგნით, რომელიც მუცლით ატარებს შინაგან სიბრძნეს შენი „მე“-ს ყველაზე ბნელ, ყველაზე მდუმარე ნაწილში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადუმებ შენს მე-ს, შეგიძლია დაინახო სამყაროს შეუმჩნეველი ქსელი და მისი მიწისქვეშა მდინარეები; მხოლოდ მაშინ, როდესაც შეწყვეტ ლაპარაკს, შენი გონება ნამდვილად გაიხსნება ცოდნისთვის. და როდესაც იპოვნი მას, დაინახავ, რომ ეს მხოლოდ გახსენების პროცესია. იგი აქაა, დალიე: ესაა წყალი მდინარიდან, რომელსაც ჰქვია მეხსიერება. მოისმინე? მაშ, გაიკმინდე ხმა.“

Read More

The Alchemist – ალქიმიკოსი

კატეგორია ტაროლოგია June 17, 2015  |  Comments Off on The Alchemist – ალქიმიკოსი
The Alchemist - ალქიმიკოსი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან  Tarot Illuminati

შთაგონება ტრანსფორმაციისთვის

„რაც დადგენილია ზემოთ, იგივეა დაწესებული ქვემოთ. მატერიალურ და სულიერ სფეროებს პირდაპირი თანაფარდობა გააჩნიათ და ისინი ერთმანეთის ანარეკლები არიან. მე და შენ ვდგავართ, როგორც დიდი ხეები ამ ორ სფეროს შორის, სვეტები, რომელთა გასწვრივაც გადაჭიმულია თანაფარდობა და ანარეკლი: ჩვენ ვართ ღვთაებრივი ენერგიის ტრანსფორმაციისა და ცვლილებათა არხები; ჩვენში დევს ტყვიის ოქროდ გარდაქმნის ძალა. ამგვარად, ჩვენ ვართ ცვლილებათა ნება და მიმართულება, ჩვენ ვართ ორივე – წამომწყებიც და მისი შედეგიც. მაგრამ შენ უნდა ისწავლო ცვლილების შექმნის ხელოვნება და მეცნიერება. უნდა განაწყო შენი გონება და იცნობდე საშუალებებს, რომლებიც შენს განკარგულებაშია და მიმართულებას, რომლისკენაც მოძრაობა გწადია; ასევე უნდა შეიცნო, თუ რას ნიშნავს განზრახვის ქონა. გახდი ჩემი შეგირდი, ოქროს მაძიებელო, და მე გასწავლი ვარსკვლავთა მოძრაობას ცაში და ბუნებრივ წესრიგს სამყაროში; გაჩვენებ, როგორ აქვს ყველაფერს თავის სისტემა და როგორ ერთიანდება ყველა ეს სისტემა; და გადმოგცემ ალქიმიის საიდუმლოს. სამყარო და მისი ყოველი ნაწილი, რომლისგანაც ხარ შექმნილი, არაა სტატიური ობიექტი, არამედ პროცესებისა და ტრანსმუტაციების დაუსრულებელი სერიაა, ხოლო მე და შენ შეგვიძლია უბრალოდ დავიკავოთ ჩვენი ადგილები ამ მარად-ცვალებად ვარსკვლავებს შორის, როგორც ამ დიადი მისტერიის მემკვიდრეებმა“.

Read More

The Fool – სულელი

კატეგორია ტაროლოგია June 17, 2015  |  Comments Off on The Fool – სულელი
The Fool - სულელი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წიგნიდან  Tarot Illuminati

ქაოსის უსაზღვრო შესაძლებლობა

„დასაწყისამდე იყო მხოლოდ იდეა ღმერთის გონებაში, ეს იყო ჩემი ნაბიჯი ამ მსვლელობისა მზის ცენტრისგან გამომავალ გაუკვალავ ბილიკზე. რა მსურდა მე? არაფერი. და ყველაფერი. მე ვარ ცარიელი ფურცელი, რომელიც ელის, თუ როდის დაწერენ მასზე, თასი, რომელიც შევსებას ელის. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ჩვენი წარმოშობის სათავეს და იმედი გვაქვს, რომ გასხივოსნება თავად გვიპოვნის. ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიშლება გზა ჩვენს წინ. მე ვდგავარ სამყაროს ყველა შესაძლო გზის ცენტრში, ჯერ საჭიროა თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მიბიძგებს ცხოვრებაში თავზეხელაღებით გადაშვებისკენ, მძირავს სამყაროს საოცრებებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში, და მე სიხარულით ვიღებ ამ ყველა გამოწვევას, რადგან ყველაფერი ეს გამოცდილებაა და იაფად არაფერი გვეძლევა. ვიღაც გეტყვის, რომ სანამ გადახტები უნდა გადაიხედო, მე კი გეუბნები – გააკეთო ნახტომი და არ შეიზღუდო თავი შიშითა და პირობითობით. ნება მომეცი გაჩვენო. ნება მომეცი ხელი ჩაგკიდო. ჩვენ ვდგავართ მოგზაურობის უფსკრულთან, მიზეზთა და შესაძლებლობათა კიდესთან. ნუ შეშინდები, გულში მხოლოდ სიხარული გქონდეს, და გაიცინე, როდესაც იგრძნობ, რომ ფრიალო კლდის ნაპირი ფეხქვეშ გეცლება. ეს მოსახდენია, და შეუძებელია არ მოხდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება თავგადასავალში, გულღია და ალალო სულელო!“

Read More