მთარგმნელი: მამუკა გურული
წიგნიდან Tarot Illuminati
შთაგონება ტრანსფორმაციისთვის
„რაც დადგენილია ზემოთ, იგივეა დაწესებული ქვემოთ. მატერიალურ და სულიერ სფეროებს პირდაპირი თანაფარდობა გააჩნიათ და ისინი ერთმანეთის ანარეკლები არიან. მე და შენ ვდგავართ, როგორც დიდი ხეები ამ ორ სფეროს შორის, სვეტები, რომელთა გასწვრივაც გადაჭიმულია თანაფარდობა და ანარეკლი: ჩვენ ვართ ღვთაებრივი ენერგიის ტრანსფორმაციისა და ცვლილებათა არხები; ჩვენში დევს ტყვიის ოქროდ გარდაქმნის ძალა. ამგვარად, ჩვენ ვართ ცვლილებათა ნება და მიმართულება, ჩვენ ვართ ორივე – წამომწყებიც და მისი შედეგიც. მაგრამ შენ უნდა ისწავლო ცვლილების შექმნის ხელოვნება და მეცნიერება. უნდა განაწყო შენი გონება და იცნობდე საშუალებებს, რომლებიც შენს განკარგულებაშია და მიმართულებას, რომლისკენაც მოძრაობა გწადია; ასევე უნდა შეიცნო, თუ რას ნიშნავს განზრახვის ქონა. გახდი ჩემი შეგირდი, ოქროს მაძიებელო, და მე გასწავლი ვარსკვლავთა მოძრაობას ცაში და ბუნებრივ წესრიგს სამყაროში; გაჩვენებ, როგორ აქვს ყველაფერს თავის სისტემა და როგორ ერთიანდება ყველა ეს სისტემა; და გადმოგცემ ალქიმიის საიდუმლოს. სამყარო და მისი ყოველი ნაწილი, რომლისგანაც ხარ შექმნილი, არაა სტატიური ობიექტი, არამედ პროცესებისა და ტრანსმუტაციების დაუსრულებელი სერიაა, ხოლო მე და შენ შეგვიძლია უბრალოდ დავიკავოთ ჩვენი ადგილები ამ მარად-ცვალებად ვარსკვლავებს შორის, როგორც ამ დიადი მისტერიის მემკვიდრეებმა“.